1781607543
ალექსანდრ ვუჩიჩი: ვერ ვიტყვი, რომ მშურს, რადგან ეს სიტყვა არ მომწონს, მაგრამ ვისურვებდი, საქართველოს მსგავსი წარმატება ჩემს ქვეყანას ყველა მიმართულებით ჰქონოდეს
ჩვენს ქვეყნებს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ. ყოველთვის გვესმის იმ პოლიტიკის, რასაც სერბეთსა და საქართველოში ვახორციელებთ. მიხარია სერბეთის შედეგები და ვამაყობ იმითაც, რასაც 2012 წლიდან დღემდე მიაღწიეთ. საქართველომ საოცარი შედეგები აჩვენა, – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ძალიან ახარებს საქართველოს მიღწევები.
„დიპლომატიური ურთიერთობების მიღმა ჩვენს ქვეყნებს აქვთ განსაკუთრებული ურთიერთობა. მე ვარ პირველი პრეზიდენტი, რომელიც ჩამოვედი თქვენს მშვენიერ ქვეყანაში. მადლობას გიხდით ასეთი თბილი მიღებისთვის, ურთიერთობისთვის. საქართველოს არა მარტო როგორც მეგობრულ ქვეყანას და ერს, ისე ვუყურებთ, არამედ ხანგრძლივი მართლმადიდებლური ტრადიციები გვაქვს. ძალიან მიხარია, რომ მომეცა საშუალება, პატრიარქ შიო მესამესთან მქონოდა ურთიერთობა. ჩვენი ძმური მართლმადიდებლური ურთიერთობა განსაკუთრებულია. ასევე მესმის, რამდენად შორს მიმავალია თქვენი ხედვა სამომავლოდ. ჩვენ მეგობრები ვართ და ყოველთვის პატივს ვცემთ ერთმანეთს. გვქონდა შეხვედრები, სხვა ღონისძიებები, სადაც ძალიან თბილად ვურთიერთობთ, ყოველთვის გვესმის ერთმანეთის, იმ პოლიტიკის, რასაც ჩვენს ქვეყნებში ვახორციელებთ. მიხარია სერბეთის შედეგები და ვამაყობ იმითაც, რასაც თქვენ მიაღწიეთ 2012 წლიდან დღემდე. საქართველომ საოცარი შედეგები აჩვენა, ამას ვსაუბრობ სერბეთის სახელით. ქვეყანა აღიარებს თქვენს მიღწევებს. ზოგი ამას აღიქვამს ისე, რომ თავისთავად ასე უნდა მომხდარიყო, მაგრამ ჩვენ ასე არ ვფიქრობთ. სერბეთში ყველამ იცის, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი პირველ კვარტალში იყო 9.3%. ევროპას მსგავსი მაჩვენებელი არ აქვს. ჩვენც ვამაყობთ თქვენი ამ შედეგით. პირველი კვარტალი როდესაც დაჯამდება, ჩვენც ვნახავთ, რა მაჩვენებლით გაიზარდა ჩვენთან ეკონომიკა, მაგრამ უკვე ვხედავთ, საქართველოში რამხელა წინსვლაა, რა ტემპი აქვს საქართველოს განვითარებას. დასავლეთში ვამბობთ, რომ დასავლეთ ევროპაში ასეთი ტენდენცია რომ არსებობდეს, ეკონომიკური განვითარების ასეთი ტემპი რომ იყოს, საოცარი იქნებოდა. ვამაყობ იმით, რაც ხდება საქართველოში, ძალიან მიხარია თქვენი მიღწევები, ბევრს ვსწავლობ თქვენგან. მშენებლობის დარგში 12 პროცენტი იყო საქართველოში ზრდის მაჩვენებელი. ესეც განსაკუთრებული მაჩვენებელია. ტურიზმშიც ძალიან მაღალი ზრდის მაჩვენებელი იყო. ვხედავთ, სად შეიძლება ვისწავლოთ თქვენგან, რაზე ვიმუშაოთ სერბეთში უფრო მეტად, რათა თქვენს მაჩვენებლებს მივუახლოვდეთ“, – განაცხადა ალექსანდრ ვუჩიჩმა.
ვუჩიჩის განცხადებით, მადლობას უხდის საქართველოს „ეროვნული პოზიციის, ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის დაცვის კუთხით იმ მიღწევისთვის, რაც აქვს“.
„ძალიან ბევრი ქვეყანაა მსოფლიოში, რომლებიც, ძალიან გაკვირდებათ, ყურადღებით სწავლობენ საქართველოში არსებულ მიდგომებს და ისინი ცდილობენ, გაუმჯობესდნენ. პირველ კვარტალში 36.4 პროცენტი იყო ზრდა ორმხრივი ვაჭრობის მიმართულებით – სერვისები, ტურიზმი. ამ კუთხით გვაქვს წინსვლა, რადგან პირდაპირი ფრენები არსებობს. ბუნებრივია, ეს მაჩვენებელი იზრდება სერბი ტურისტების საფუძველზე. ვისურვებდი, ბევრი ქართველი ტურისტი ჩამოდიოდეს სერბეთში. თბილისში ჩამოსვლა არის დიდი სიამოვნება. ველოდები, რომ ქართველი ბიზნესმენები ჩამოვლენ სერბეთში და ნახავენ იმ შესაძლებლობებს, რაც არსებობს ქვეყანაში“, – განაცხადა ვუჩიჩმა.
როგორც ვუჩიჩმა აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება, როდესაც თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გაფორმდება.
„ვისაუბრეთ ბევრი მიმართულებით, ხედვაც ძალიან დიდი გვაქვს დ ქვექნება საშუალება, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გავაფორმოთ. ეს განსაკუთრებული აქცენტია ჩვენს ურთიერთობებში. ამის საფუძველზე მოხდება ურთიერთობების ზრდის დაჩქარება. ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები არის ის საკითხი, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ. სულ მცირე დაგვრჩა, რომ ამაზე მოლაპარაკებები დავასრულოთ და ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დავიწყოთ აქტიური ვაჭრობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან კომერციული არხებით ბევრი სერვისი შემოდის. წარმოიდგინეთ, რამდენად გაიზრდება იმპორტი საქართველოდან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების შემდეგ. ჩვენი წვდომა იქნება შეუზღუდავი, მომხმარებლების სეგმენტში დიდად ისარგებლებენ ასეთი მნიშვნელოვანი იმპორტით. მწარმოებლებისთვის, მომხმარებლებისთვის ეს ორმხრივად მნიშვნელოვანი იქნება. მიხარია, რომ საქართველოში მალე გაიხსნება სერბეთის საელჩო. იმედია, მსგავსი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული საქართველოს საელჩოს გასახნელად სერბეთში. ამით მხარს დავუჭერთ ჩვენს ურთიერთობებს, მათ განვითარებას. ასეთი მაღალი დონის ინტეგრაცია მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ ამით სერბეთ-საქართველოს ინტერესებს კიდევ უფრო მყარად დავუჭერთ მხარს და კარგი იქნება ორივე მხარისთვის. ბევრი ურთიერთობა შეიძლება ვახსენოთ მაგალითებად, მაგრამ ემოციური ურთიერთობაც ძალიან ძლიერია, იქნება ეს ტურიზმის სფეროში, ხალხთაშორის ურთიერთობაში თუ ნებისმიერი სხვა მიმართულებით.
ჩემთვის საოცარი იყო, აღმომეჩინა, რომ, ღვინის მიმართულებით ტურიზმის გარდა, სათხილამურო ტურიზმიც გქონიათ. ეს ჩემთვის სიახლე იყო. თქვენი სათხილამურო ინფრასტრუქტურა ევროპის ინფრასტრუქტურის მსგავსია. ბევრს უნდა საქართველოში ჩამოსვლა, ყველას უყვარს საქართველო მრავალი მიზეზის გამო. მინდა, საქართველოს ვუსურვო დიდი წარმატება, ძალისხმევა ნამდვილად შესაშურია. თქვენი ძალისხმევა ნამდვილად დიდია და მხოლოდ ერთეულებმა შეძლეს ასეთი შედეგის მიღწევა ევროპაში. ეს ძალიან საამაყოა. ვერ ვიტყვი, რომ მშურს, რადგან ეს სიტყვა არ მომწონს, მაგრამ ვისურვებდი, მსგავსი წარმატება ყველა მიმართულებით ჰქონოდეს ჩემს ქვეყანას. მადლობა თბილი მიღებისთვის. იმედი მაქვს, როდესაც ჩამობრძანდებით, თქვენც სახლში გაგრძნობინებთ თავს. ძალიან დიდი მოგონებები მიმყვება თბილისიდან, მადლობა მეგობრობისა და ჩვენი ერების ასეთი ურთიერთობისთვის“, – აღნიშნა ვუჩიჩმა.
მასალა მომზადებულია სინქრონული თარგამანის მიხედვით.











