ადრეც ვამბობდით და ახლაც ვამბობთ, რომ აუცილებელია საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების გადატვირთვა - მიხეილ ყაველაშვილი

 მიხეილ ყაველაშვილი

ადრეც ვამბობდით და ახლაც ვამბობთ, რომ აუცილებელია საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების გადატვირთვა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„გუშინ მარკო რუბიოს პასუხებში, როდესაც კითხვა დაუსვა მას ჯო უილსონმა, გამოიკვეთა, რომ აუცილებელია, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას ჰქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია. ადრეც ვამბობდით და ახლაც ვამბობთ, აუცილებელია ურთიერთობების გადატვირთვა. ხელისუფლებებს შორის უნდა ხდებოდეს ურთიერთობა და არა „ენჯეო“ სექტორის, ან კონგრესმენის მეშვეობით. ამერიკული კანონმდებლობა იძლევა საშუალებას, ამა თუ იმ ლობისტურმა კომპანიამ დააფინანსოს რომელიმე კონგრესმენი და სათავისო საკითხები გაიტანონ და ისაუბრონ ამაზე. ის ხალხი, რომელიც ამერიკის საელჩოსთან დროშებით და ტრამპის ტრაფარეტებით მივიდა რამდენიმე დღის წინ, იგივე ხალხია, ვინც ტრამპის არჩევას ეწინააღმდეგებოდა. ხომ დავინახეთ, რომ ყველაფერი იმისთვის იყო გამოყენებული, რომ ჯო უილსონს დაესვა კითხვა რუბიოსთვის, რომ შეხედეთ, ეს ხალხი როგორ იჩაგრება საქართველოში და როგორი ანტიამერიკული ხელისუფლება ჰყავს საქართველოსო. აღარაფრის რცხვენიათ – სათაურებში გამოიტანეს, მგონი ერთადერთი თინა ხიდაშელი იყო, რომელმაც უარყო, რომ „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში ეს ტერმინი არ იყო გამოყენებულიო“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „აშშ-თან ღირებულებითი თანხვედრის აფიშირება საკმაოდ დიდი ხნის წინ დავიწყეთ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად და მყარად ვდგავართ ამ ღირებულებებზე და ამასვე მოვუწოდებდით ქვეყნებს“.

„არიან რიგი ქვეყნები, რომლებიც ასევე მყარად იცავენ ამ ღირებულებებს და იყო წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპი გზავნილებიც, რომ ამ ღირებულებით ის მოვიდოდა ხელისუფლებაში და იქნებოდა მათი დამცველი.

ყველა ქვეყანას თავისი ინტერესები აქვს, ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესები. არსებობს რეგიონი, არსებობს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა. სულ ახლახან ტრამპმა განაცხადა, რომ ბაიდენი არ მართავდა ქვეყანას და გამოძიების დაწყებასაც აპირებდნენ, თუ ვინ ერეოდა ბაიდენის ადმინისტრაციაში და ვინ იღებდა გადაწყვეტილებას.

გახსოვთ NED- და USAID-თან დაკავშირებით ჩვენი დამოკიდებულება. მათ მოვუწოდებდით რომ ყოფილიყო ღია. თუ ჩვენი პარტნიორები ბრძანდებით, მოდით ღია იყოს ეს დაფინანსების წყარო და შეიძლება ჩვენ ამ ყველაფრის ხელშემწყობიც ვყოფილიყავით. დავინახეთ, რომ ამ ცვლილების შემდეგ თავად არსებულმა ადმინისტრაციამ როგორი ზეწოლა განახორციელა და მთელი მსოფლიოს თვალწინ გააშიშვლა ეს ორგანიზაციები.

ჩვენ უდიდესი გამოცდილება შევიძინეთ ამ ყველაფერში. ჩვენ მზად ვართ ამ გადატვირთვისთვის, მაგრამ გამოჩნდა, რომ ჯერჯერობით ადმინისტრაცია არ არის ამისთვის მზად. ჩვენ გაგებით ვეკიდებით იმ გამოწვევების ფონზე, როცა სხვა უფრო გამოწვევადი საკითხები დგას, ვერ მოსთხოვ, რომ საქართველოს საკითხით დაინტერესდნენ.

დაველოდებით და ჩვენ ვიქნებით გულწრფელი საკუთარ საზოგადოებასთან და ასევე აშშ-სთან, რომ თუ ღირებულებითი თანხვედრა გვაქვს, მაშინ საკითხები, რომელზეც შეიძლება თანხვედრა მოხდეს, პოლიტიკური დიპლომატია ჩაერთოს ამ ყველაფერში. არ უნდა იმართებოდეს ენჯეო სექტორებით“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.