Reuters: აშშ-ში აცხადებენ, რომ პეკინთან გარიგება ჩინეთიდან იშვიათი წიაღისეულის ექსპორტს დააჩქარებს

იშვიათი წიაღისეულის ექსპორტი

შეერთებულმა შტატებმა ჩინეთთან შეთანხმებას მიაღწია იმის თაობაზე, თუ როგორ დააჩქაროს აშშ-ში იშვიათი წიაღისეულის მიწოდება. ინფორმაციას Reuters-ი თეთრი სახლის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ოთხშაბათს ჩინეთთან შეთანხმებას მოაწერა ხელი. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ცალკე შეთანხმება, შესაძლოა, გაფორმდეს ინდოეთთანაც.

სააგენტოს ცნობით, მაისში ჟენევაში აშშ-სა და ჩინეთს შორის გამართული მოლაპარაკებების დროს პეკინმა ვალდებულება აიღო გააუქმოს ყველა არატარიფული კონტრზომები, რომელიც 2 აპრილს ვაშინგტონის წინააღმდეგ აამოქმედა, თუმცა უცნობია, თუ როგორ იქნება ზომების ნაწილი გაუქმებული.

აშშ-ის მიერ შემოღებული ტარიფების საპასუხოდ ჩინეთმა კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალებისა და მაგნიტების ფართო სპექტრის ექსპორტი შეაჩერა და ამით მიწოდების ჯაჭვი გაწყვიტა, რასაც ავტომწარმოებლებისთვის და აეროკოსმოსური ტექნიკის წარმოებისთვის და სამხედრო მრეწველობისთვის ცენტრალური მნიშვნელობა აქვს.

„ადმინისტრაციამ და ჩინეთმა მოილაპარაკეს ჟენევის შეთანხმების რეალიზაციის ფარგლებში დამატებითი ურთიერთგაგების შესახებ“, - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

ურთიერთგაგება ეხება იმას, “თუ როგორ დავაჩქაროთ იშვიათი ლითონების მიწოდების აღდგენა აშშ-ში“, - აღნიშნა მან.