1758568351
მარკო რუბიო სირიის პრეზიდენტს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, გაერო-ს გენერალური ასამბლეის პარალელურად, სირიის პრეზიდენტს, აჰმედ ალ-შარაას შეხვდა.
შეხვედრამდე შარაას ჟურნალისტმა ჰკითხა, იყო თუ არა ის პოზიტიურად განწყობილი სირიისთვის დაწესებული სანქციების მოხსნის თაობაზე, რაზეც სირიელ ლიდერს პასუხი არ გაუცია.
უცნობია რუბიოსა და შარაას შეხვედრის დამატებითი დეტალები.
სირიის პრეზიდენტის გაერო-ში მთავარი გზავნილი იყო სანქციების მოხსნა. გენერალური ასამბლეის პარალელურად გამართულ სამიტზე გამოსვლისას შარაამ თქვა, რომ წინა ხელისუფლების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები აღარ იყო გამართლებული და სირიელები აღნიშნულ სანქციებს უკვე პირდაპირ მათ წინააღმდეგ მიმართულ ზომებად აღიქვამდნენ.
აღსანიშნავია, რომ შარაა 1967 წლის შემდეგ სირიის პირველი პრეზიდენტია, რომელიც მონაწილეობს გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაში.