ლიეტუვური მედია: ლიეტუვის საჯარო მოხელის კომპანია რუსეთს აკრძალული დასავლური მდიდრული ბრენდებით ამარაგებდა

ლიეტუვა

კომპანია, რომელიც ლიეტუვის სოციალური დაცვისა და შრომის სამინისტროს მრჩეველს ეკუთვნის, მილიონობით ევროს ღირებულების დასავლური ბრენდების მდიდრულ ტანსაცმელს მესამე ქვეყნების გავლით რუსეთში ყიდდა და ამით რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არღვევდა. ინფორმაციას ლიეტუვური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, კომპანია სახელწოდებით Mėlynšilis-მა 2023 წლიდან 2024 წლის გაზაფხულამდე რუსეთში 4,5 მილიონი დოლარის ღირებულების ბრენდული ტანსაცმლის ექსპორტი განახორციელა, მათ შორისაა Nike-ის, Tommy Hilfiger-ის, Puma-ს, Calvin Klein-ის და Adidas-ის საქონელი.

აღნიშნული ტანსაცმლის ექსპორტი რუსეთში თურქეთისა და სერბეთის გავლით ხდებოდა. საქონლის მიმღები რუსეთში კომპანია „უმნი იმპორტი“ იყო, რომელიც რუსულ დასანქცირებულ „სბერბანკს“ ეკუთვნის.

ლიეტუვური მედია აღნიშნავს, რომ ევროკავშირის სანქციების გამო დასავლურ კომპანიებს რუსეთში საკუთარი საქონლის, განსაკუთრებით მდიდრული ბრენდების გაყიდვა აკრძალული აქვთ. კომპანია Mėlynšilis ანტონინა მილაუსკენეს ეკუთვნის, რომელიც სოციალური დაცვისა და შრომის სამინისტროს სოციალურ სამსახურებზე ზედამხედველობის დეპარტამენტში მრჩევლის თანამდებობაზე მუშაობს.

ჟურნალისტებმა შესაბამისი კითხვით მილაუსკენეს მიმართეს. მან აღნიშნა, რომ კომპანიის ექსპორტის შესახებ არაფერი იცის და საკუთარ ვაჟთან, მინდაუგას მილაუსკასთან გადაამისამართა. ვაჟმა კომენტარისგან თავი შეიკავა.

როგორც ლიეტუვური მედია აღნიშნავს, კომპანია Mėlynšilis-ი გემით სატვირთო გადაზიდვებზე 2022 წლის ივლისში გადაერთო, როცა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ბევრმა საერთაშორისო კომპანიამ რუსული ბაზარი დატოვა. მანამდე Mėlynšilis-ი ტყის სექტორში საქმიანობდა.