1750362602
ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის თავდასხმას რეგიონის ქვეყნები ეხმაურებიან

ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის თავდასხმას რეგიონის ქვეყნები ეხმაურებიან. აშშ-ის მოქმედება დაგმო და „აგრესიის უკანონო აქტი“ უწოდა ომანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ომანი ირანს და აშშ-ს შორის ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებების შუამავალი იყო. ომანის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ აშშ-ის ქმედება კონფლიქტის გაღრმავების რისკს შეიცავს და საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.
კატარმა განაცხადა, რომ აშშ-ის თავდასხმების შემდეგ შექმნილი სახიფათო დაძაბულობა „კატასტროფულ შედეგებს“ გამოიწვევს როგორც რეგიონულ, ასევე საერთაშორისო დონეზე. განცხადებაში, სპარსეთის ყურის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წუხილს გამოთქვამს აშშ-ის თავდასხმების შემდეგ სტატუს კვოს „გაუარესებაზე“ და ხაზს უსვამს ყველა სამხედრო ოპერაციის შეწყვეტის აუცილებლობას და დიალოგის დაუყოვნებლივ დაბრუნების აუცილებლობას.
თავის მხრივ, ერაყმა გამოთქვა ღრმა შეშფოთება და დაგმო ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვა და განაცხადა, რომ სამხედრო ესკალაცია სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას.
საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ გმობს „ირანის ისლამური რესპუბლიკის სუვერენიტეტის დარღვევას“.
ცნობისთვის, აშშ-მა იერიშები მიიტანა ირანის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე ფორდოში, ნათანზსა და ისპაჰანში. დარტყმები განხორციელდა B-2-ის ტიპის ბომბდამშენებიდან ჩამოგდებული GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბებით და წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტებით.