აშშ-ის დარტყმების შემდეგ, ირანი რუსეთთან კონსულტაციების გამართვას აპირებს

ირანი რუსეთი

აშშ-ის მიერ მისი ბირთვული ობიექტების დაბომბვის შემდეგ, თეირანი მოსკოვთან კონსულტაციებს გამართავს. როგორც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, ის რუსეთის დედაქალაქში ორშაბათს გაფრინდება და კრემლის ლიდერთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს გამართავს.

არაღჩის თქმით, თეირანი იტოვებს „ყველა შესაძლებლობას“ საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად და ვერ დაუბრუნდება დიპლომატიას მაშინ, როცა ისრაელისა და აშშ-ის თავდასხმების ქვეშ იმყოფება.

„აშშ აჩვენებს, რომ არ სცემს პატივს საერთაშორისო სამართალს. მათ მხოლოდ მუქარისა და ძალის ენა ესმით“, - თქვა არაღჩიმ და დასძინა, რომ ირანმა დიპლომატიის ვარიანტის განხილვამდე დარტყმაზე პასუხის უფლება უნდა გამოიყენოს.

თავის მხრივ, რუსეთმა, რომელიც ირანის სტრატეგიული პარტნიორია, აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული იერიშები „მკაცრად“ დაგმო. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეს თავდასხმები სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე საერთაშორისო სამართალსა და გაეროს წესდებას უხეშად არღვევს.

აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა. გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში (IAEA) განაცხადეს, რომ აშშ-ის მიერ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვის შემდეგ, ადგილზე რადიაციის დონე არ გაზრდილა.