„ეს დღეც დაგვიდგა მეგობრებო...“ - ნინიკო მამარდაშვილი მიმართვას ავრცელებს
1750535920
რამდენიმე წელი მაღალ თავდებობებზე და მილიონებით გაზრდილი ქონება - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ რომეო მიქაუტაძე თანამდებობრივ გავლენას, სანაცნობო წრეს და გამოცდილებას პირადი სარგებლის მიღების მიზნით იყენებდა. სუს-ის ინფორმაციით, უკანონო დახმარების სანაცვლოდ, ყოფილი მაღალჩინოსანი ენერგოკომპანიების წილებს იღებდა, მატერიალური სარგებლისთვის კი სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციაში სხვადასხვა პირებს ასაქმებდა.
600 000 ევროიანი სახლი ესპანეთის დედაქალაქში და მილიონ ლარამდე ღირებულების 2 ავტომობილი - გამოძიებით დგინდება, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი შემოსავლების დაფარვის მიზნით, ქონებას სხვების სახელზე აფორმებდა, ფინანსური ტრანზაქციების დახმარებით კი დოკუმენტებში ქონების ღირებულებებს ხელოვნურად ზრდიდა ან ამცირებდა, აფორმებდა ნასყიდობის ფიქციურ ხელშეკრულებებს.
ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ბრალის ოფიციალური დადგენილება დღეს გააცნეს. უფლებადამცველის თქმით, რომეო მიქაუტაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს. ბექა ნემსიწვერიძის განცხადებით, ბრალდებული მაღალჩინოსნებამდე წარმატებული მეწარმე იყო, ქონებაც ამ გზით დააგროვა.
როგორ და რა გზებით მალავდა სხვადასხვა დროს ყოფილი მაღალჩინოსანი უკანონოდ მოპოვებული თანხების წარმომავლობას - სქემასთან დაკავშირებით დღეს საქმის პროკურორმა ისაუბრა.
რომეო მიქაუტაძე მაღალ თანამდებობებს 2017 წლიდან 2024 წლამდე იკავებდა, 2022 წლიდან კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე იყო. ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით წარუდგინეს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში რომეო მიქაუტაძეს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.