ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას ბოლო ერთ დღეში, სულ მცირე, 98 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელმა ღაზაში ყოფილი ჰუმანიტარული უსაფრთხო ზონის ევაკუაციის ბრძანება გასცა

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას ბოლო ერთ დღეში, სულ მცირე, 98 ადამიანი ემსხვერპლა. არაბული მედიის ინფორმაციით, მსხვერპლთა შორის 33 ადამიანი ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ცენტრებთან დაიღუპა.

გავრცელებული ცნობით, სულ მცირე, 20 ადამიანი გამთენიის შემდეგ მოკლეს.

არაბული მედია წერს, რომ ისრაელის სამხედროებმა ქალაქ ღაზის შეიხ რადვანის უბანში სკოლის შენობა დაბომბეს, სადაც დევნილი მოსახლეობა აფარებს თავს.

მსხვერპლი მოჰყვა ქალაქ ხან იუნისთან ისრაელის უპილოტო აპარატის თავდასხმას.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა ისრაელის სამხედროებს დაავალეს, 48 საათის განმავლობაში წარმოადგინონ გეგმა, რათა შეაჩერონ „ჰამასის“ მიერ ღაზაში დახმარების „მითვისება“.