1758567100
ექიმებმა ქალის მუხლებში სუფთა ოქროს ძაფები აღმოაჩინეს - ფოტოები

სამხრეთ კორეაში 65 წლის ქალის მუხლის ოსტეოართრიტის მკურნალობისას, ექიმებმა მის ფეხებში ასობით სუფთა ოქროს ძაფი აღმოაჩინეს.
პაციენტს, რომლის ვინაობაც არ არის ცნობილი, ადრეც ჰქონდა მუხლებში ძლიერი ტკივილი და შებოჭილობა ოსტეოართრიტის გამო და დაენიშნა ტკივილგამაყუჩებლები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები და სტეროიდული ინექციებიც კი პირდაპირ მუხლებში. თუმცა, არცერთი მათგანი არ აღმოჩნდა საკმარისად ეფექტური იმისათვის, რომ მას ნორმალური, უმტკივნეულო ცხოვრების საშუალება მისცემოდა.
ტკივილი არა მხოლოდ არ გაქრა, არამედ წამლების გამო მას განუვითარდა უარყოფითი გვერდითი მოვლენები, მათ შორის მუცლის ძლიერი ტკივილი. ამიტომ მან გადაწყვიტა ალტერნატიული მედიცინისთვის მიემართა, რაც ოქროს ძაფის აკუპუნქტურის სახელითაა ცნობილი.
თავდაპირველად, ქალი ყოველკვირეულად იტარებდა აკუპუნქტურის სეანსებს, სადაც მუხლებზე პაწაწინა ოქროს ძაფებს უკეთებდნენ, თუმცა ამან მხოლოდ გაამწვავა ოსტეოართრიტის ტკივილი, ამიტომ მან კვირაში რამდენჯერმე გაზარდა აკუპუნქტურის სპეციალისტთან ვიზიტები. საბოლოოდ, მუხლების ტკივილი იმდენად გაუძლიერდა, რომ მას სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ საავადმყოფოში დაბრუნებულიყო.
რენტგენოლოგიური გამოკვლევით გამოვლინდა წვივის შიდა ნაწილის გასქელება და გამკვრივება, მუხლზე ძვლოვანი წანაზარდები, რაც ოსტეოართრიტის ყველაზე გავრცელებული სიმპტომია, თუმცა ასევე მუხლის გარშემო ქსოვილში ჩანერგილი ასობით პაწაწინა ოქროს ძაფი აღმოჩნდა.
პაწაწინა ძაფებმა შეიძლება გამოიწვიოს კისტები, შეაღწიონ სხეულში და დააზიანონ მიმდებარე ქსოვილი. მათ ასევე შეუძლიათ შეუძლებელი გახადონ სიცოცხლის გადარჩენის მიზნით მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარება ლითონის გადაადგილებისა და სისხლძარღვების დაზიანების რისკის გამო.