1692302192
ეჩმიაძინში სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებსა და სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება მოხდა

ეჩმიაძინში სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებსა და სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა საპატრიარქო დატოვა სასულიერო პირების დასამშვიდებლად, რის შემდეგაც ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა კათოლიკოსი გარეგინ II ალყაში მოაქციეს.
სომხური მედია წერს, რომ ტერიტორიაზე ასევე დიდი რაოდენობით პოლიციის ძალებია მობილიზებული და სიტუაცია კვლავ დაძაბულია.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შირაკის ეპარქიის წინამძღვრის, მთავარეპისკოპოს მიქაელ აჯაფახიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. სომხური მედიის თანახმად, მთავარეპისკოპოსი ეჩმიაძინში იმყოფება.
ცნობისთვის, სომხეთში ხელისუფლების მიტაცების მცდელობის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა მოძრაობა „წმინდა ბრძოლა“ ტერაქტის მომზადებასა და ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაში დაადანაშაულა. გამოძიების ფარგლებში მთავარეპისკოპოს ბაგრატ გალსტანიანს ბრალი წაუყენეს ტერორიზმის მომზადებაში, მასობრივი არეულობის წაქეზებასა და ძალაუფლების ხელში ჩაგდებაში. ასევე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სომხეთის შირაკის ეპარქიის წინამძღვრის, მთავარეპისკოპოს მიქაელ აჯაფახიანის წინააღმდეგ.
ამასთან, ხელისუფლების მიტაცების მცდელობის საქმეზე გამოძიების ფარგლებში დაკავებულია ბიზნესმენი ტიგრან გალსტიანი და პოლკოვნიკი მიგრან მახსუდიანი.