1692302192
ბუდაპეშტში პრაიდის ორგანიზებას სამართლებრივი შედეგები მოჰყვება, პოლიციას შეუძლია დაშლა, თუმცა უნგრეთი ცივილიზებული ქვეყანაა, ერთმანეთს ზიანს არ ვაყენებთ - ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ბუდაპეშტის პრაიდის მსვლელობის ორგანიზებას ან მასში მონაწილეობას სამართლებრივი შედეგები მოჰყვება. ამის შესახებ მან რადიოეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, კანონის არდაცვის შემთხვევაში, სამართლებრივი შედეგები ყველამ უნდა გაითვალისწინოს.
„ჩვენ ზრდასრულები ვართ და ვურჩევ, ყველამ გადაწყვიტოს, რა სურთ. დაიცავით კანონი, ეს არის ის, რასაც მე ვაკეთებ და ეს არის ის, რასაც მე მათაც ვურჩევ. თუ არ დაიცავთ, მაშინ უნდა გაითვალისწინოთ წერილობითი, მკაფიო სამართლებრივი შედეგები“, – აღნიშნა ორბანმა.
როგორც ორბანმა რადიოს ეთერში განაცხადა, პოლიციას აქვს უფლება, მსგავსი ღონისძიება დაშალოს, თუმცა მისი თქმით, უნგრეთი ცივილიზებული ქვეყანაა.
„რა თქმა უნდა, პოლიციას შეუძლია ასეთი ღონისძიებების დაშლა, რადგან ამის გაკეთების უფლება აქვთ. თუმცა, ბოლოს და ბოლოს უნგრეთი ცივილიზებული ქვეყანაა, ეს სამოქალაქო საზოგადოება. ჩვეულებრივ ჩვენ ერთმანეთს ზიანს არ ვაყენებთ. ხელისუფლება ამ მიზნისთვის არ არსებობს“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
ბუდაპეშტში პრაიდის მსვლელობა 28 ივნისს არის დაგეგმილი და დედაქალაქის ლიბერალი მერი აცხადებს, რომ ამ მსვლელობის ორგანიზებას აპირებს.
რამდენიმე დღის წინ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უნგრეთის ხელისუფლებას მოუწოდა, დაუშვან პრაიდის მსვლელობის ჩატარება. აღნიშნული განცხადება ვიქტორ ორბანმა კომუნისტურ პერიოდში მოსკოვიდან მითითებების მიღებას შეადარა.
„ისევე როგორც მოსკოვი, ის უნგრეთს დაქვემდებარებულ ქვეყნად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ ბრიუსელიდან შეუძლია უნგრელებს უბრძანოს, როგორ იცხოვრონ, რა მოსწონდეთ და რა არა“, – აღნიშნა ორბანმა.
ცნობისთვის, მარტში უნგრეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი პრაიდის ღონისძიებების აკრძალვის შესახებ. კანონი ითვალისწინებს პრაიდის აკრძალვას იმ მოტივით, რომ ის, შეიძლება, ბავშვებისთვის საზიანოდ ჩაითვალოს. წარდგენილი ინიციატივა ითვალისწინებს შესწორებების შეტანას შეკრების თავისუფლების კანონში.