აზერბაიჯანმა „კოვიდ 19-თან“ დაკავშირებული სპეციალური კარანტინის რეჟიმი გაახანგრძლივა

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ „კოვიდ 19“-თან დაკავშირებული სპეციალური კარანტინის რეჟიმი ისევ გაახანგრძლივა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო. განკარგულებას ხელი ქვეყნის პრემიერმა, ალი ასადოვმა მოაწერა.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსის ინფექციის გავრცელებისა და მის მიერ გამოწვეული გართულებების პრევენციის მიზნით აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სპეციალური საკარანტინო რეჟიმის ვადა 2026 წლის პირველი იანვრის დილის 06:00 საათამდე გაგრძელდა.

გაზაფხულზე მიღებული გადაწყვეტილებით, სპეციალური საკარანტინო რეჟიმის ვადა მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრის დილის 06:00 საათზე იწურებოდა.

ცნობისთვის, აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 2020 წლის გაზაფხულიდან კოვიდპანდემიის გამო არის ჩაკეტილი. ქვეყანაში შესვლა ამჟამად მხოლოდ საჰაერო გზით არის შესაძლებელი.