1692302192
NBC News: სან-ფრანცისკოს წიგნის მაღაზიამ ჯოან როულინგის ნაწარმოების გაყიდვა შეწყვიტა „ჰარი პოტერის“ ავტორის ანტიტრანსგენდერული შეხედულებების გამო

სან-ფრანცისკოში მდებარე ერთ-ერთმა წიგნის მაღაზიამ განაცხადა, რომ აღარ გაყიდის მწერლის, ჯოან როულინგის წიგნებს, მათ შორის „ჰარი პოტერს“ ავტორის ანტიტრანსგენდერული შეხედულებებისა და პროპაგანდის გამო. ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს.
1976 წელს დაარსებული გამომცემლობა Booksmith-ის განცხადებით, რომელიც ქალაქის ჰეით-ეშბერის რაიონში მდებარეობს, გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ გასულ თვეს როულინგმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის თავის ქონებას როულინგის სახელობის ქალთა ფონდის დაფინანსებაზე ხარჯავს, რომელიც არის იურიდიული ფონდი და მხარს უჭერს „ცალკეულ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც სქესის მიხედვით ქალების უფლებებისთვის იბრძვის სამუშაო ადგილებზე, საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ქალთა დაცულ სივრცეებში“.
როგორც ტელეარხი იუწყება, მიუხედავად იმისა, რომ ფონდი ტრანსგენდერ ადამიანებს არ ახსენებს, როულინგი ღიად ეწინააღმდეგება ტრანსგენდერი ქალების ჩართვას ქალთა სივრცეებში.
„ამ განცხადებით, ჩვენ მისი წიგნების გაყიდვა შევაჩერეთ“, - ნათქვამია Booksmith-ის განცხადებაში. „ჩვენ არ ვიცით, თუ რა შედეგის მომტანი იქნება მისი ახალი „ქალთა ფონდი“, მაგრამ ვიცით ის, რომ ჩვენ მასში მონაწილეობას არ მივიღებთ. როგორც წიგნების მოყვარულთა ქვიარ ჯგუფს, ჩვენც გვქონდა სიყმაწვილე, რომელიც ჯადოქრებისა და ელფებისგან შედგებოდა. შემოგვხედეთ, ეს ხომ თვალსაჩინოა. თუ თქვენ, ან თქვენს ახლობელს „ჰარი პოტერსი“ სამყაროში მოგზაურობა სურს, ჩვენ გთავაზობთ იყიდოთ ნახმარი წიგნები“.
როულინგის წარმომდგენლის განცხადებით, მწერალს კომენტარების გაკეთება არ სურს.