1750577424
ეს იყო ძალიან თბილი და ემოციური საუბარი... - რაზე ისაუბრეს ტრამპმა და ნეთანიაჰუმ ირანის ბირთვული ობიექტის დაბომბვის შემდეგ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმებამდე ის და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელის თავდაცვის ძალებთან და აშშ-ის შეიარაღებულ ძალებთან სრულ კოორდინაციაში იყვნენ. მისივე თქმით, ირანის ობიექტების დაბომბვის შემდეგ დონალდ ტრამპი მას ტელეფონით ესაუბრა.
„ეს იყო ძალიან თბილი და ემოციური საუბარი. მან მომილოცა, შეაქო ჩვენი სამხედროები და ისრაელის ხალხისადმი აღტაცება გამოთქვა. საპასუხოდ, მე მადლობა გადავუხადე მას, ამერიკელ მფრინავებს და ამერიკელ ხალხს“, - აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
პრემიერის განცხადებით, ისრაელის მიერ დაწყებული ოპერაციის შედეგად მიღწეულია უპრეცედენტო შედეგები ისრაელის ისტორიაში.
„ამერიკას არავინ შეედრება- მან შეძლო ის, რაც ვერ მოახერხა ვერც ერთმა სხვა ქვეყანამ დედამიწაზე.
ისტორია დაამახსოვრებს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა იმოქმედა იმისთვის, რომ მსოფლიოს ყველაზე საშიშ რეჟიმს არ ჰქონოდა წვდომა მსოფლიოს ყველაზე საშიშ იარაღზე.
მისმა ლიდერობამ დღეს ისტორიული გარდატეხა შექმნა, რომელიც შეიძლება დაედოს საფუძვლად ახლო აღმოსავლეთისა და სხვა რეგიონების მშვიდობასა და კეთილდღეობას, - თქვა ნეთანიაჰუმ.
მისივე განცხადებით, ირანის ბირთვული პროგრამა საფრთხეს უქმნიდა ისრაელის არსებობას და მთელი მსოფლიოს მშვიდობას.
„პრეზიდენტი ტრამპი თამამად უძღვება თავისუფალ მსოფლიოს. ის არის ისრაელის დიდი მეგობარი, რომლის მსგავსი არ არსებობს. ჩემი, ისრაელის მოქალაქეებისა და მთელი ებრაელი ხალხის სახელით, მთელი გულით ვუხდი მადლობას. ჩვენ ერთად ვდგავართ და ერთად ვიბრძვით. ღმერთის დახმარებით, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“, - აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
აშშ-მა გამთენიისას ირანის სამი ბირთვული ობიექტი დაბომბა.