დაღუპულია 23 წლის ბიჭი - ტრაგედია გონიოში
1752696309
როდესაც ჯანსაღ კვებაზე ვსაუბრობთ, ალბათ სპილენძი სულ არ გვახსენდება. თუმცა, ახალი კვლევა კვების რაციონში სპილენძის შემცველობას უკავშირებს უკეთეს კოგნიტურ ფუნქციას ხანდაზმულ ასაკში — მნიშვნელოვანი აღმოჩენა ჯანმრთელი სიბერის კვლევებში.
კვლევა ჩინეთის ჰებეის სამედიცინო უნივერსიტეტის მკვლევრებმა ჩაატარეს; შეისწავლეს 60 წელს გადაცილებული 2420 ამერიკელის კვების რაციონისა და ჯანმრთელობის მონაცემები. ასე მივიდნენ დასკვნამდე, რომ არსებობს კავშირი რაციონში მეტ სპილენძსა და უკეთეს კოგნიტურ ფუნქციას შორის.
მრავალი სხვადასხვა საზომით გამოვლინდა, რომ ვის რაციონშიც მეტი სპილენძი შედიოდა, გაცილებით მაღალი შედეგები ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვის რაციონშიც ეს ელემენტი ნაკლები იყო. თუმცა, ასევე გამოიკვეთა ზღვარი, რომლის მაღლაც მეტ სპილენძს უკვე აღარ მოჰქონდა დამატებითი სარგებელი.
„ამჟამინდელი კვლევა მიუთითებს პოტენციურ კავშირზე საკვებში შემავალ სპილენძსა და ძლიერ კოგნიტური ფუნქციას შორის ხანდაზმულ ამერიკელებში, განსაკუთრებით მათში, ვისაც ინსულტის ისტორია აქვთ. დოზა-პასუხის ანალიზი მიუთითებს სპინელძის მიღების ოპტიმალურ დონეზე, დღეში დაახლოებით 1,22 მილიგრამზე. თუმცა, ამ დასკვნების დასადასტურებლად საჭიროა შემდგომი გრძელვადიანი კვლევები“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.
კვლევას ჰქონდა გარკვეული შეზღუდვებიც. მონაწილეებს ეკითხებოდნენ დაესახელებინათ ყველაფერი, რაც ბოლო 24 საათში ჭამეს; სწორედ ამის საფუძველზე შეაფასეს მკვლევრებმა მათ მიერ სპილენძის მოხმარება. ეს კი მხოლოდ დროის მოკლე მიმოხილვას გვთავაზობს და თვითმოხსენებიდან გამომდინარე, პოტენციურ მიკერძოებებსაც წარმოშობს.
უფრო მეტის შესასწავლად, საჭიროა, რომ კვლევები მონაწილეებს წლების განმავლობაში მიჰყვეს და უფრო ზუსტად გაზომოს მათ მიერ საკვებით სპილენძის მიღება.
შედეგად, შეუძლებელია ითქვას, რომ არსებობს პირდაპირი მიზეზშედეგობრივი კავშირი. თუმცა, კავშირი სტატისტიკურად საკმარისად ძლიერია, რათა გაჩნდეს შემდეგი კვლევების საჭიროება.
ამას გარდა, შედეგები ეთანხმება წინა კვლევებსაც, რომლებიც ამავე დასკვნამდე მივიდნენ — სპილენძი კარგია თავის ტვინისთვის. ცნობილია, რომ ის ხელს უწყობს ტვინში ნეირონების კომუნიკაციას და ენერგიის წარმოებას, იცავს მას დაზიანებისგან.
ამის გათვალისწინებით, კვლევის შედეგები სულაც არაა გასაკვირი. თუმცა, ხელს უწყობს სპილენძის სარგებლის რაოდენობრივ შეფასებას ხანდაზმული ადამიანების შედარებით დიდ ჯგუფში და რამდენიმე სხვადასხვა კოგნიტურ ტესტში; ასევე გამოავლინა სპინელძის მიღების „ტკბილი წერტილი“.
„მიუხედავად იმისა, რომ სპილენძი აუცილებელია ტვინის გამართული ფუნქციონირებისთვის და მისი დეფიციტი ნევროლოგიურ დარღვევებს იწვევს, ჭარბი სპილენძი შეიძლება ტოქსიკური იყოს და გამოიწვიოს ოქსიდაციური სტრესი და ნეიროდეგენერაცია“, — წერენ მკვლევრები.
დღეში 1.22 მილიგრამი ერთი მუჭა ნიგვზის ან ერთი ჯამი ოსპის ეკვივალენტია. სპილენძი იმაზე მეტ საკვებში გვხვდება, ვიდრე შეიძლება ფიქრობდეთ — სოკოში, შავ შოკოლადში, ხორბლის ქატოში, კარტოფილში და ხამანწკებში.
ბოლო დროს სულ უფრო იზრდება ინტერესი ისეთი მიკროელემენტების მიმართ, როგორიცაა მაგნიუმი, რკინა, სელენი, თუთია და სპილენძი. მეცნიერებს აინტერესებთ, რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ისინი სიბერეში გონების სიმახვილის შესანარჩუნებლად.
აშკარაა, რომ საკვები დიდ როლს ასრულებს ჩვენი ტვინის ჯანმრთელობაში, მაგრამ კვების რაციონი მხოლოდ ერთ-ერთი ფაქტორია. ამგვარმა კვლევებმა შეიძლება გზა გაუხსნას ტვინის იმ პრობლემების პრევენციისა და მკურნალობის გაუმჯობესებას, რომლებიც, როგორც წესი, სიბერესთან ერთად მოდის.
„დემენციის ყველა ფორმა, მსუბუქი კოგნიტური გაუარესებიდან ალცჰაიმერის დაავადებამდე, გამოირჩევა კოგნიტური დაქვეითებით და სულ უფრო მეტად ხდება მნიშვნელოვანი გამოწვევა გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის“, — წერენ მკვლევრები.
კვლევა Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით, რომელიც მიხეილ ჭაბუკაშვილმა თარგმნა