ღეროვანმა უჯრედებმა თაგვებში ინსულტის შედეგად დაზიანებული თავის ტვინი აღადგინა - უახლესი კვლევა

თავის ტვინი

ციურიხის უნივერსიტეტისა და სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, სისხლძარღვების დახშობით გამოწვეული ტვინის დაზიანების მკურნალობა შეიძლება ღეროვანი უჯრედების ინიექციით მოხდეს.

ერთ მშვენიერ დღეს, ეს შედეგები დაკარგული ფუნქციების აღდგენაში შეიძლება დაეხმაროს პაციენტებს, რომლებმაც ინსულტის ზოგიერთი ფორმა გადაიტანეს.

ინსულტის შედეგად თავის ტვინის დაზიანების მქონე თაგვების გამოყენებით, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ადამიანის ღეროვანი უჯრედების შეყვანის შემდეგ, ისინი შეიძლება წარმატებით გადაიქცნენ ტვინის მოუმწიფებელ უჯრედებად. შედეგები დრამატული იყო — შეყვანილ უჯრედთა უმეტესობა ადგილზე დარჩა, უვითარდებოდათ სრულად ფუნქციონირებადი ნეირონების თვისებები და კომუნიკაცია მიმდებარე უჯრედებთან.

„დავადგინეთ, რომ ღეროვანი უჯრედები ანალიზის სრული პერიოდი, ხუთი კვირის განმავლობაში გადარჩნენ და მათი უმეტესობა ნეირონებად გარდაიქმნა, რომლებიც კომუნიკაციასაც კი ამყარებდნენ თავის ტვინის უკვე არსებულ უჯრედებთან“, — ამბობს ციურიხის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერი კრისტიან ტაკენბერგი.

ამას გარდა, მკვლევრები დააკვირდნენ სისხლძარღვების თვითაღდგენას, თავის ტვინში ანთების შემცირებას და სისხლი-ტვინის ბარიერის გაძლიერებას. თაგვებს აღენიშნათ მოძრაობისა და კოორდინაციის გაუმჯობესება — რაც ნამდვილად საკვანძო აღმოჩენაა, რადგან ინსულტმა შეიძლება სერიოზულად დააზიანოს სხეულის მოძრაობის კონტროლი.

ახალი კვლევა ეფუძნება ამავე მკვლევართა ნაწილის მიერ ჩატარებულ წინა კვლევას, რომელშიც სწავლობდნენ ინსულტის შემდეგ ღეროვანი უჯრედების შეყვანის ოპტიმალურ დროს. ეს მნიშვნელოვანი იქნება მკურნალობის მეთოდების შემუშავებისთვის: როგორც ჩანს, საჭიროა ინსულტის შემდეგ თავის ტვინის გარკვეული სტაბილიზება, რათა ტრანსპლანტაცია ეფექტიანი იყოს.

მიუხედავად იმისა, რომ ადრეული კვლევები ნაწილობრივ მოიცავდა ამავე სფეროს, ტაკენბერგის ჯგუფი ამბობს, რომ არცერთი წინა კვლევა არ მისულა დეტალების იმ დონემდე, როგორც ახალი კვლევა. მკვლევრებს აინტერესებდათ არა მხოლოდ გადანერგილ უჯრედთა გადარჩენა, არამედ ისიც, წარმოქმნიდნენ თუ არა ისინი ნევროლოგიურ კავშირებს.

„ჩვენი ანალიზები გაცილებით სცილდება სხვა კვლევების ფარგლებს, რომლებიც ფოკოსირებული იყო გადანერგვის შემდეგ მყისიერ ეფექტებზე“, — ამბობს ტაკენბერგი.

ამ ეტაპზე, ინსულტის მიერ თავის ტვინისთვის მიყენებული ზიანი გამოუსწორებელია და ადრე თუ გვიან, მოსახლეობის მეოთხედს ეხება. ინსულტის მიერ გამოწვეულ შიდა სისხლდენა ან ჟანგბადის შემცირება სამუდამოდ ანგრევს თავის ტვინის უჯრედებს, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საუბარსა და მოძრაობაზე.

მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ დროთა განმავლობაში, ღეროვანი უჯრედების თერაპია შეიძლება გამოიყენონ იმ დაზიანებების აღსადგენად, რომლებიც ამჟამად გამოუსწორებელია. ამ მიმართულებით უკვე არსებობს რამდენიმე ინოვაცია, მათ შორის, დიაბეტისა და მხედველობის დაკარგვის სამკურნალო საშუალებები.

მალე გამოჩნდება, იმუშავებს თუ არა ეს მიდგომა ადამიანის თავის ტვინში, რისთვისაც საჭირო იქნება გაცილებით ხანგრძლივი ტესტირება.

წინ კიდევ ბევრი გამოწვევაა — თავის ტვინში ნებისმიერი ჩარევა შეიძლება არასწორად წარიმართოს. საჭიროა, რომ მკვლევრებმა იპოვონ გზა, რომლითაც თავიდან აიცილებენ იმპლანტირებული ღეროვანი უჯრედების თავდაპირველი დანიშნულების მიღმა გასვლას.

„აუცილებელია დაავადებების ან უბედური შემთხვევების შემდეგ ტვინის პოტენციური რეგენერაციის ახალი თერაპიული მიდგომების ძიება. ჩვენ მიერ მიღებული შედეგები აჩვენებს, რომ ნერვული ღეროვანი უჯრედები არა მხოლოდ წარმოქმნიან ახალ ნეირონებს, არამედ იწვევენ სხვა რეგენერაციულ პროცესებსაც“, — ამბობს ციურიხის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერი კრისტიან ტაკენბერგი.

კვლევა Nature Communications-ში გამოქვეყნდა.