პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მოსახლეობას აფრთხილებს
1752496100
გრეტა გერვიგის 2023 წლის ფილმში ბარბი ბარბილენდი თანასწორობისა და განსხვავებულობის მიწაა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ბარბის თოჯინები ჯერ კიდევ 1959 წლიდან იწარმოება, მწარმოებელმა კომპანია Mattel-მა ფიზიკური შეზღუდვების მქონე ბარბების გაყიდვა მხოლოდ 2019 წელს დაიწყო.
კომპანიამ ახლახან გამოუშვა პირველი ბარბის თოჯინა, რომელიც პირველი ტიპის დიაბეტითაა დაავადებული. როგორც Mattel ამბობს, ეს დიზაინი შეიქმნა იმისთვის, რომ "მეტმა ბავშვმა შეძლოს საკუთარი თავის დანახვა", თუნდაც თოჯინებში.
პირველი ტიპის დიაბეტი ავტოიმუნური დაავადებაა, რომლის დროსაც ორგანიზმი თავს ესხმის და ანადგურებს პანკრეასის იმ უჯრედებს, რომლებიც ინსულინს გამოიმუშავებენ. ამ დიაგნოზს პაციენტებს ხშირად ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკში უსვამენ, რის შემდეგაც მათ გლუკოზის დონის მუდმივი კონტროლი და ინსულინის ყოველდღიური მიღება უწევთ.
ახალი ბარბი პირველი ტიპის დიაბეტის გლობალურ არაკომერციულ ორგანიზაციასთან პარტნიორობით შეიქმნა. თოჯინას საკუთარი მდგომარეობის გასაკონტროლებლად მკლავზე გლუკოზის მონიტორი უკეთია, მის ადგილზე გასაჩერებლად კი ვარდისფერ, გულის ფორმის ფიქსატორს იყენებს. ბარბი ინსულინის ტუმბოსაც ატარებს, რომელიც მას ავტომატურად აწვდის საჭირო ინსულინის დოზას. მას ასევე უჭირავს პატარა — აუცილებელი ნივთებისთვის განკუთვნილი ჩანთა.
ახალი თოჯინის წარდგენისას კრისტა ბერგერმა — ბარბის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა და თოჯინების გლობალურმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ეს იყო "მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი ერთგულების გამოსახატავად ინკლუზიურობისა და რეპრეზენტაციის მიმართ".
"ბარბი ბავშვებს სამყაროს აღქმის ჩამოყალიბებაში ეხმარება, მსგავს დაავადებაზე ყურადღების გამახვილებით კი უზრუნველვყოფთ, რომ მეტმა ბავშვმა დაინახოს საკუთარი თავი წარმოსახვით ისტორიებსა და საყვარელ თოჯინებში", აღნიშნავს ის.
განსხვავებული ინდივიდების ბარბის თოჯინით რეპრეზენტაცია დიაბეტის მქონე ბარბით არ დაწყებულა — პირველი შავკანიანი ბარბის თოჯინები 60-იან წლებში გამოჩნდა, ლათინური თოჯინები კი — 80-იან წლებში, 90-იან და 2000-იან წლებში მათ ბევრი ისეთი პროფესიის ბარბი დაემატა, რომლებშიც ქალის როლი ნაკლებად იყო წარმოდგენილი.
კომპანიას ბარბების სპეციალური, ფეშენისტა ხაზი აქვს, რომელშიც 175-ზე მეტი განსხვავებული ბარბის თოჯინა შედის. ისინი გამოირჩევიან კანის, თვალისა და თმის ფერით, სხეულის ტიპებითა და შეზღუდული შესაძლებლობებით. მათ შორისაა უსინათლო ბარბი, შავკანიანი ბარბი დაუნის სინდრომით, თოჯინები სმენის აპარატებით, პროთეზირებული კიდურებითა და ეტლებით.
ახალი ბარბის შექმნის სიახლეს გამოეხმაურა დიაბეტის ბრიტანული ვებსაიტის დამფუძნებელი:
პირველი ტიპის დიაბეტით დაავადებული ბარბის თოჯინის ხილვა ხელს უწყობს დაავადების ნორმალიზებას, სტიგმის შემცირებას და ბავშვებისთვის იმის ჩვენებას, რომ ისინი მარტოები არ არიან