1752608534
„დარიალის“ უფროსის მოადგილე დეპორტირებულ უკრაინის მოქალაქეებზე: არ ფლობენ საზღვრის კვეთისთვის საჭირო დოკუმენტაციას. ამავდროულად, მათი ქვეყანაში შემოშვება არის პირდაპირ საფრთხესთან დაკავშირებული, რომ კიდევ ჩაიდენენ დანაშაულებს

სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის „დარიალის“ უფროსის მოადგილე ლუკა პაატაშვილი „ქრონიკასთან“ საუბრისას ეხმიანება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთიდან დეპორტირებული უკრაინის მოქალაქეები საქართველო - რუსეთის საზღვარზე იმყოფებიან.
ლუკა პაატაშვილი განმარტავს, რომ აღნიშნული პირები არიან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მხილებულები და მათი ქვეყანაში შემოშვება დიდ რისკს წარმოადგენს. გარდა ამისა, სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის დარიალის წარმომადგენელი ამბობს, რომ უკრაინის ამ მოქალაქეებს არ აქვთ არც შესაბამისი დოკუმენტები.
„ბოლო პერიოდში გახშირდა უკრაინის მოქალაქეების საზღვრის კვეთის მცდელობა საქართველოს საზღვარზე, თუმცა ზემოაღნიშნული უკრაინის მოქალაქეები არ არიან ტურისტულად მომავალი პირები. ეს პირები და მათი უმრავლესობა არიან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის გასამართლებული. როგორიც არის მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, გაუპატიურება და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაული. კერძოდ, ნარკოტიკების გასაღება. შესაბამისად, ზემოაღნიშნული პირები არც ფლობენ საზღვრის კვეთისთვის საჭირო დოკუმენტაციას და ამავდროულად, მათი ქვეყანაში შემოშვება არის პირდაპირ საფრთხესთან დაკავშირებული, რომ ისინი კიდევ ჩაიდენენ დანაშაულებს. ისინი არიან დეპორტირებული რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში. დაახლოებით 80 ადამიანზეა საუბარი. ამ ეტაპზე მათი პირობები არის ნორმალური და იცდიან. არიან თუ არ არიან უკრაინის მოქალაქეები, არის დაუდასტურებელი, ვინაიდან არ აქვთ საჭირო დოკუმენტაცია“, - აღნიშნა ლუკა პაატაშვილმა.
ცნობისთვის, „ბიბისიმ“ გაავრცელა ცნობა, რომ მოლდოვამ უარი განაცხადა რუსეთის მიერ დეპორტირებული უკრაინის მოქალაქეების გატარებაზე.