რონალდო „ალ ნასრის“ რიგებში 2027 წლის ზაფხულის ჩათვლით ითამაშებს

 რონალდო

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა, კრიშტიანო რონალდომ საუდის არაბეთის ლიგის კლუბთან, „ალ ნასრისთან“ ახალი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც, ის გუნდის წევრი 2027 წლის ზაფხულის ჩათვლით იქნება.

რონალდოს მოქმედ კონტრაქტს ვადა ივნისის ბოლოს ეწურებოდა და მხარეები ახალი ხელშეკრულების დეტალებზე დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდნენ.

ლეგენდარული ფეხბურთელი საუდის არაბეთის ლიგის გუნდის წევრი 2023 წლის დასაწყისში გახდა. მას შემდეგ „ალ ნასრის“ მაისურით მან 111 მატჩი ჩაატარა და 99 გოლი გაიტანა.

„ახალი თავი იწყება. იგივე სურვილი, იგივე ოცნება, ერთად დავწეროთ ისტორია“, – განაცხადა რონალდომ.

შეგახსენებთ, რომ 40 წლის პორტუგალიელს კარიერაში 938 გოლი აქვს გატანილი. მან არაერთხელ განაცხადა, რომ სურვილი აქვს, 1000-გოლიან ნიშნულს მიაღწიოს.