1750577424
მე არასოდეს ვუყვარდი ისე, როგორც ფედერერი და ნადალი - ჯოკოვიჩი

სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა 20min-სთვის მიცემულ ინტერვიუში სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ჩოგბურთის ფანებისგან არ გრძნობდა ისეთ სიყვარულს, როგორც ეს როჯერ ფედერერისა და რაფაელ ნადალის შემთხვევაში ხდებოდა.
„მე ვარ ადამიანი ბევრი ნაკლით. მიუხედავად ამისა, ყოველთვის ვცდილობდი გულითა და კეთილი განზრახვებით მეცხოვრა. საბოლოოდ, ვყოფილიყავი ის, ვინც ვარ. სწორედ ასე ვმოქმედებდი და მაინს თავს არასასურველ ბავშვად ვგრძნობდი. ვეკითხებოდი ჩემს თავს – რატომ? ძალიან მტკივნეული იყო. შემდეგ გავიფიქრე, რომ გულშემატკივრები მიმიღებდნენ, თუ სხვანაირად ვიმოქმედებდი. მაგრამ ესეც არ მოხდა.
მე არასოდეს ვუყვარდი ისე, როგორც ფედერერი და ნადალი. რადგან მე იქ არ უნდა ვყოფილიყავი. მე პატარა ბიჭი ვიყავი, მესამე ბიჭი, რომელიც იქ მივიდა და თქვა: „მე პირველი ნომერი ვიქნები“. ბევრს ეს არ მოეწონა.
ის, რომ ვიღაც ჩემი ყველაზე დიდი კონკურენტია, არ ნიშნავს იმას, რომ მე მას ცუდს ვუსურვებ, მძულს ან მინდა კორტზე კიდევ რაღაც გავაკეთო იმისთვის, რომ დავამარცხო. ჩვენ ვიბრძოდით გამარჯვებისთვის, და გაიმარჯვა საუკეთესომ“, – განაცხადა სერბმა.
ამავე ინტერვიუში ჯოკოვიჩმა გაამხილა, მთავარ კონკურენტებს შორის ვისთან იყო ყველაზე მეგობრულ ურთიერთობებში.
„მე ყოველთვის პატივს ვცემდი ნადალსაც და ფედერერსაც. არასოდეს მითქვამს მათზე ერთი ცუდი სიტყვა და არც არასოდეს ვიტყვი. მე მათზე ვაკეთებდი სწორებას და ახლაც ასე ვიქცევი. მაგრამ, ნადალს უფრო ვეწყობოდი“, – თქვა ჯოკოვიჩმა.