რის გამოყენება არ შეიძლება დამწვრობის დროს და რა უნდა გააკეთოთ პირველ რიგში - გუგა ქაშიბაძე

დამწვრობა

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, გუგა ქაშიბაძე, გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" დამწვრობის დროს პირველადი დახმარების შესახებ საუბრობს:

არის ისეთი პირველადი დახმარება, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს პროცესს. მაგალითად, დამწვარ ქსოვილზე საჭმელი სოდის მოყრა. ქიმიურ დამწვრობას იწვევს და პროცესს კიდევ უფრო აღრმავებს. ამ მეთოდს, სამწუხაროდ, ხშირად იყენებენ.

ძალიან ხშირია დამწვარ ადგილზე ალკოჰოლის მოსმა, რაც არ შეიძლება. ეს ყველაფერი ძალიან დიდ ტკივილთან ასოცირდება. უფრო მტკივნეულია, ვიდრე დამწვრობა.

ასევე, ე.წ. მარგანცოვკის ხსნარის გამოყენება ქიმიურ დამწვრობასა და ქსოვილების კიდევ უფრო ღრმად დაზიანებას იწვევს.

მაწონს, იოგურტს, საკვებ ზეთსაც ხშირად იყენებენ, გვქონია შემთხვევები, რომ მანქანის ზეთიც კი გამოუყენებიათ... სხვადასხვა ბოსტნეულის, მაგალითად, კიტრის, კარტოფილის ნათალსაც იყენებ. აფთიაქში უამრავი ეფექტური საშუალებაა, რომლებიც არა მხოლოდ ტკივილს აყუჩებს, არამედ სამკურნალო თვისებებიც აქვს.

ჯობს, სახლში, ოჯახის აფთიაქში, დამწვრობის საწინააღმდეგო პირველადი დახმარების გარკვეული საშუალება იყოს. არ ვიცით, როდის გამოგვადგება ან ჩვენ ან მეზობლის ოჯახს.

თუ დამწვრობა მივიღეთ, პირველ რიგში, ტანსაცმლისგან რაც შეიძლება, სწრაფად გათავისუფლება და დამწვრობაზე გამდინარე ცივი წყლის გამოყენება რამდენიმე წუთის განმავლობაში აუცილებელია. 10 წუთის შემდეგ გრილი წყლის გამოყენებას აზრი აღარ აქვს.

შემდეგ მალამო, სტერილური ნახვევის გაკეთება და ექიმთან ვიზიტი. თუ ვნახეთ, რომ დამწვრობის საკმაოდ დიდი ფართობია, დიდი ზომის ბუშტულაკები გაჩნდა, ადამიანი ძალიან ძლიერ ტკივილს განიცდის, განსაკუთრებით თუ ეს სახისა და მტევნის არეზეა, რა თქმა უნდა, ჯობს, ექიმთან ვიზიტი აუცილებელია. არც თუ ისე იშვიათად, გარკვეულმა ლოკალურმა დამწვრობამ შეიძლება, ზოგად ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას.