რა იწვევს ჭარბძლიანობას და ნორმალურია თუ არა, დღე-ღამეში 4-5 საათი გვეძინოს - სპეციალისტი განმარტავს

მარინა ჯანელიძე

 ნევროლოგი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, მარინა ჯანელიძე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, რა პრობლემაზე შეიძლება, ჭარბი ძილიანობა მიანიშნებდეს და ზოგადად, როგორია ძილის ოპტიმალური ხანგრძლივობა:

- გადაჭარბებული ძილი, გარკვეულ შემთხვევაში, ნევროლოგიური პათოლოგიაა. ძილ-ღვიძილის ციკლი ჩვენი ერთ-ერთი ბიოლოგიური რითმია. ძილი მხოლოდ დასვენებას არ ნიშნავს. ეს ძალიან დიდი ფიზიოლოგიური, აქტიური პროცესია, რომლის დროსაც, როცა კარგად გვძინავს, ჩვენი მეხსიერების კონსოლიდაცია, ემოციური სფეროს სტაბილიზაცია, მიღებული ინფორმაციის უფრო უკეთ გადამუშავება ხდება. ძილი ისეთივე აქტიური პროცესია, როგორც ღვიძილი. დარღვევას ინსომნიას უწოდებენ და ასეთივე პათოლოგიური დარღვევა შეიძლება ჭარბი ძილიანობა იყოს, რომელსაც ხშირად ნერვული სისტემის დაავადებები განაპირობებს.იშვიათად, თუმცა ამას შესაძლოა, ნარკოლეფსია იწვევდეს, როდესაც ადამიანს არასრულყოფილი და არასრულფასოვანი ძილის გამო, ტვინში გარკვეული ნივთიერებების დეფიციტი აქვს და დღის ძილიანობაა გამოხატული. არის თავის ტვინის უამრავი პრობლემა, რომელიც კლინიკურად ჭარბი ძილიანობით ვლინდება. ძილის ხანგრძლივობა ბიოლოგიურად დეტერმინირებულია. ყველამ ვიცით, ახალშობილს რა რაოდენობით სძინავს, თანდათან ეს დრო მცირდება. ახალგაზრდებში 7-დან 9 საათამდე ძილი ნორმადაა მიჩნეული. 60 წლის ასაკის შემდეგ 7-8 საათი, ზოგს შეიძლება უფრო ნაკლები ეძინოს. ეს ძალიან ინდივიდუალური პროცესია. სინათლე ღვიძილს განაპირობებს, ხოლო სიბნელე ძილის განვითარებას ხელს უწყობს.

არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ნაკლები ძილი ჰყოფნით. უძილობა ხშირად არა მარტო მეხსიერების პრობლემებს იწვევს და კონცენტრაციის უნარს აქვეითებს, არამედ ემოციურად ძალიან გაღიზიანებული ვხვდებით. თუ 4-5-საათიანი ძილის შემდეგ მეორე დღეს სრულიად სრულფასოვანი, ემოციურად გაწონასწორებული ვართ და არც შრომითი უნარი ქვეითდება, მაშინ ეს ნორმალურია. ესე იგი, მეტი დრო შეგვიძლია, აქტიურები ვიყოთ. მაგრამ, თუ ჩვენ ასეთი ძილის რეჟიმის პირობებში ძალიან გაღიზიანებულები ვხდებით, ვრეაგირებთ იმაზე, რაზეც ადრე არ ვრეაგირებდით, რაღაცებზე კონცენტრაცია გვიჭირს და მეხსიერების პრობლემაც გვაქვს, ესე იგი ძილი არ გვყოფნის. ამიტომ, ჩვენს ორგანიზმს უნდა მივყვეთ.

ვრცლად: