ბევრი სითხე, ღია ფერის ტანსაცმელი და მზისგან დამცავი საშუალებები - როგორ გაუმკლავდეთ ულტრაიისფერი სხივების ზეგავლენას

გაუსაძლისი სიცხე

„თუ შეგვიძლია და არ არის აუცილებლობა, ძალიან სიცხე რომ არის, გარეთ არ უნდა ვიყოთ“ - ეს მედიკოსების ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა, რომელიც სპეციალისტებმა ქვეყანაში ტემპერატურის მატების გამო მოსახლეობისთვის გასცეს.

ბევრი სითხე, ღია ფერის ტანსაცმელი და მზისგან დამცავი საშუალებები ის პრევენციული ღონისძიებებია, რომელიც ექიმების ინფორმაციით, ულტრაიისფერი სხივების ზეგავლენისგან იცავს.

წყლის ნაკლებობა ორგანიზმში, სითბური დარტყმა და კანის დამწვრობა ის ჩივილებია, რომელსაც მაღალი ტემპერატურა იწვევს. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მოსახლეობას დილის 11 საათიდან საღამოს 5 საათამდე სახლში დარჩენას ურჩევენ. განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ რისკ ჯგუფებმა.

ზაფხულის დადგომასთან ერთად იზრდება ბაქტერიული ინფექციების რისკიც. ნაწლავური ინფექციის ძირითადი წყარო საკვები, წყალი და ის გარემოა, სადაც ბავშვები და მოზარდები დროის უდიდეს ნაწილს ატარებენ. ინფექციონისტები ყურადღებას ჰიგიენის დაცვაზე ამახვილებენ.

სინოპტიკოსები მიმდინარე კვირაში ტემპერატურის შენარჩუნებას, აგვისტოს პირველ ნახევარში კი სიცხის მატებას პროგნოზირებენ.