ბაკურიანში, კოხტას სასრიალო არეალი 20 დეკემბერს გაიხსნება, გუდაურის, მესტიისა და გოდერძის კურორტებზე საბაგიროების ჩართვა 27 დეკემბრიდან არის დაგეგმილი

ბაკურიან

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტო“ (MTA) ბაკურიანში, კოხტას სასრიალო არეალს 20 დეკემბერს გახსნის.

როგორც „მთის ტრასების სააგენტოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საბაგირო და ტრასა – კოხტა პლატო, სრიალის მსურველებს ყოველდღე, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე მოემსახურება.

ამასთან, სააგენტოში ამბობენ, რომ დიდველისა და მიტარბის სასრიალო არეალებზე აქტიურად მიმდინარეობს ხელოვნური გათოვლიანების სამუშაოები და ტრასების ეტაპობრივი გახსნა 27 დეკემბრიდან იგეგმება. რაც შეეხება გუდაურს, მესტიასა და გოდერძის კურორტებს, საბაგიროების ჩართვა 27 დეკემბრიდან არის დაგეგმილი, ხოლო სასრიალო ტრასები, ამინდისა და თოვლის საფარის მდგომარეობის მიხედვით, ეტაპობრივად გაიხსნება.

„27 დეკემბრიდან ამოქმედდება გუდაურისა და კობის საბაგიროები – პირველი, სოლიკო, გუდაურა, კობი, ფირნი და თრუსო. პარალელურად, გრძელდება ხელოვნური გათოვლიანების სამუშაოები და ტრასები  თოვლის საფარის შესაბამისად, ეტაპობრივად გაიხსნება.

ამავე დღიდან, ჩაირთვება ჰაწვალის სასრიალო არეალზე ზურულდის საბაგირო. ჰაწვალისა და თეთნულდის სასრიალო ტრასების გახსნა ეტაპობრივად განხორციელდება, ამინდისა და თოვლის საფარის პირობების შესაბამისად. აგრეთვე, 27 დეკემბრიდან კურორტ გოდერძიზე ამოქმედდება საბაგირო „ზანკა“, – ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტოს“ ინფორმაციაში.

სააგენტოს ცნობით, ბაკურიანის საბაგიროების აბონემენტების შეძენა 20 დეკემბრიდან, კურორტზე მხოლოდ კოხტას სალაროში იქნება შესაძლებელი, ბილეთების ონლაინ გაყიდვა კი, 23 დეკემბრიდან დაიწყება და ხელმისაწვდომი იქნება აპლიკაციებსა და ვებგვერდებზე: TKT.GE, BILETEBI.GE, SKIPASS.GE, ასევე, სუპერ აპსა (Super App) და მაუნთ აპში (MOUNT App).

დამსვენებლებს პლატფორმებზე გუდაურის, ბაკურიანის, მესტიისა და გოდერძის კურორტების, სხვადასხვა კატეგორიის ბილეთის შეძენა შეეძლებათ.

„2025–2026 წლის ზამთრის სეზონი „მთის ტრასების სააგენტოსთვის“ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან უკვე მესამედ, საქართველო ფრირაიდის მსოფლიო ტურს უმასპინძლებს. ღონისძიება სვანეთში, თეთნულდზე 22-დან 28 თებერვლის ჩათვლით გაიმართება (ამინდის ფანჯრის ფარგლებში) და მასში 50 გამორჩეული რაიდერი მიიღებს მონაწილეობას. საქართველო ექვს წამყვან ექსკლუზიურ ქვეყანას შორისაა (საფრანგეთი, ესპანეთი, შვეიცარია, ავსტრია, აშშ და საქართველო), რომელმაც ფრირაიდის მსოფლიო ტურის  ჩატარების უფლება მოიპოვა.

ღონისძიების გამართვა უმნიშვნელოვანესია საქართველოს მთის კურორტების საერთაშორისო ცნობადობისთვის, ზამთრის სპორტისა და ტურიზმის განვითარებისთვის. მსოფლიო სპორტულ რუკაზე ქვეყანამ უკვე დაიკავა საპატიო ადგილი – გასულ წლებში საქართველომ წარმატებით უმასპინძლა მსოფლიო თასის ეტაპებს სკი კროსში, სნოუბორდ კროსსა და მოგულის დისციპლინებში. ფრირაიდის მსოფლიო ტურის გამართვა კი საქართველოს არამხოლოდ ცნობადობას გაუზრდის, არამედ, ქვეყნის სამთო-სათხილამურო კურორტები ზამთრის სპორტის მოყვარულთათვის მსოფლიო რუკაზე კიდევ ერთხელ მოინიშნება“, – ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.