დღე-ღამის ხანგრძლივობა იცვლება - კვლევა
1765895407
საკანონმდებლო ცვლილებით, პირი ერთჯერადად გათავისუფლდება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან, რომელსაც აღნიშნული სამართალდარევა 2025 წლის 10 დეკემბრამდე აქვს ჩადენილი .
კერძოდ, უქმდება ის ნორმები, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში, სამართალდამრღვევ პირს შესაძლებლობას აძლევს, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ვადამდე აღიდგინოს.
შესაბამისი ცვლილებები ბიუროს გუშინდელ სხდომაზე წარედგინა.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ის პირი, რომელსაც 2025 წლის 10 დეკემბრამდე ჩადენილი აქვს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 116-ე ან/და 123-ე მუხლებით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ერთჯერადად გათავისუფლდება აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დადებული ადმინისტრაციული სახდელისგან − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან, თუმცა იგი მაინც მიიჩნევა სახდელდადებულად.
პროექტში ნათქვამია, რომ ადმინისტრაციული სახდელისგან − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან − გასათავისუფლებლად პირს არ მოეთხოვება შესაბამისი ორგანოსთვის ან თანამდებობის პირისთვის მიმართვა, ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლება აღსრულდეს 2026 წლის პირველ თებერვლამდე.
პროექტით განსაზღვრულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს პირის ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნებას კანონმდებლობით დადგენილი წესით და ადმინისტრაციული სახდელისგან − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან − გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებისთანავე პირს აღუდგება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
გარდამავალი დებულებით ასევე განისაზღვრება, რომ ის პირი, რომელსაც 2025 წლის 10 დეკემბრამდე ჩადენილი აქვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე, 451 ან/და 1152 მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ერთჯერადად გათავისუფლდება აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დადებული ადმინისტრაციული სახდელისგან, რაც სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას გულისხმობს.
ზემოაღნიშნულ შემთხვევაში, პირი მიმართავს მომსახურების სააგენტოს შეჩერებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენის მიზნით. ამ შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენა დასაშვები იქნება, სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის (დინამიური-ნარკოლოგიური გამოკვლევის) დასკვნის წარდგენის საფუძველზე, კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ.
გარდა ამისა, გარდამავალი დებულებით განისაზღვრება, რომ იმ პირს, რომელსაც 2025 წლის 10 დეკემბრამდე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეჩერებული აქვს მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის ამოწურვის გამო, 2026 წლის პირველი იანვრიდან აღუდგება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და მართვის მოწმობას ხელახლა მიენიჭება 100 ქულა.
მართვის უფლების აღდგენისა და მართვის მოწმობაზე 100 ქულის მინიჭებისთვის პირს არ მოეთხოვება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის უფლებამოსილების მქონე შესაბამისი ორგანოსთვის ან/და თანამდებობის პირისთვის მიმართვა.
კანონპროექტით დაკონკრეტებულია, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებულმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის უფლებამოსილების მქონე შესაბამისმა ორგანომ ან თანამდებობის პირმა 2026 წლის პირველი იანვრისთვის უნდა უზრუნველყოს მართვის უფლების აღდგენა და მართვის მოწმობაზე 100 ქულის მინიჭება.
კანონპროექტში მოყვანილია სტატისტიკაც, თუ რამდენ ადამიანს აქვს შეჩერებული მართვის უფლება.
„არსებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, დღეის მდგომარეობით შეჩერებულია სულ 35 445 მართვის მოწმობა, მათ შორის: ალკოჰოლური თრობის საფუძვლით – 18 310; საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ჩადენისა და შემთხვევის ადგილის მიტოვებისთვის — 1 134; ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის – 3 504; ქულების ამოწურვისთვის – 781; სისხლის სამართლის დანაშაულისათვის გამოტანილი განაჩენის საფუძვლით — 327; სხვა მიზეზებით, მათ შორის წინა ადმინისტრაციული ჯარიმის გადაუხდელობის გამო — 11 389“, – ნათქვამია პროექტში.