შსს-მ ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 49 პირი დააკავა, 14 კი დაუსწრებლად მისცა პასუხისგებაში, მათ შორის ხუთი ე.წ. კანონიერი ქურდი

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 63 პირი პასუხისგებაში მისცეს, დაკავებულია 49 პირი, ხოლო 14 პირი დაუსწრებლად იქნა პასუხისგებაში მიცემული, მათ შორის ხუთი ე.წ. ანონიერი ქურდია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, პასუხისგებაში მიცემულებს  ბრალად ედებათ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობა, „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა“, „კანონიერი ქურდობა“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა“.

როგორც უწყებაში განაცხადეს, დაკავებულთა უმრავლესობა წარსულში სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვისაა ნასამართლევი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აღნიშნული საპოლიციო ღონისძიება, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჩაატარეს.

სამართალდამცველების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებულები კავშირზე იყვნენ საზღვარგარეთ მყოფ ე.წ კანონიერ ქურდებთან, ასრულებდნენ მათ დავალებებს და აქტიურად მონაწილეობდნენ „ქურდული სამყაროს” საქმიანობაში.

ასევე, დგინდება, რომ ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით, სხვადასხვა დროს საქართველოში და საზღვარგარეთ ე.წ. ქურდული გარჩევები ეწყობოდა, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდებიც“ მონაწილეობდნენ. ბრალდებულები შეკრებებზე ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად, გადაწყვეტილებებს იღებდნენ, ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდას აკისრებდნენ. იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ დაემორჩილებოდნენ მათ მითითებებს, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ასევე, ემუქრებოდნენ ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით.

პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ. გარდა ამისა, ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა, 223-ე სეკუნდა, 223-ე ტერცია და 223-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს ორგანიზებულ დანაშაულთან, მათ შორის ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ სისტემური და შეურიგებელი ბრძოლა. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც ჩაიდენს დანაშაულებრივ ქმედებას, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება. ჩვენი მთავარი მიზანია მაქსიმალურად უზრუნველვყოთ საზოგადოების უსაფრთხოება და დავიცვათ საქართველოს თითოეული მოქალაქე“, – განაცხადა დარახველიძემ.