სიახლე მართვის მოწმობებთან დაკავშირებით
1765909164
სერბეთის ორგანიზებული დანაშაულის საკითხებზე პროკურორმა ბრალი წაუყენა მთავრობის მინისტრსა და სამ სხვა პირს თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დოკუმენტების გაყალბების გამო, რათა ხელი შეეწყოთ უძრავი ქონების პროექტისთვის, რომელიც დაკავშირებულია ჯარედ კუშნერთან, დონალდ ტრამპის სიძესთან. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული ტელეკომპანია ABC News-ი ავრცელებს.
ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ საჯარო პროკურატურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, სისხლის სამართლის ბრალდებები წაუყენეს კულტურის მინისტრს, ნიკოლა სელაკოვიჩს და კიდევ თანამდებობის სამ პირს.
გამოძიება ბელგრადის ცენტრში დაბომბილი სამხედრო კომპლექსის ირგვლივ არსებულ დავაზეა ორიენტირებული. ეს კომპლექსი დაცული კულტურული მემკვიდრეობის ზონა იყო, მაგრამ ახლა მისი გადაკეთება მდიდრულ კომპლექსად იგეგმება.
გასულ წელს, სერბეთის მთავრობამ 99-წლიანი იჯარის ხელშეკრულება გააფორმა კუშნერთან დაკავშირებულ კომპანია Affinity Global Development-თან აშშ-ში. იმ დროს, კუშნერმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ მისი კომპანია გეგმავს 500 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტის დაფინანსებას. ეს მოიცავდა სასტუმროს, მდიდრულ საცხოვრებელ კომპლექსს, საოფისე ფართებსა და მაღაზიებს.
სელაკოვიჩმა და სხვებმა, სავარაუდოდ, უკანონოდ გააუქმეს ობიექტის დაცვის სტატუსი დოკუმენტაციის გაყალბების გზით.