„არმიჰოლში“ სამეთაურო-საშტაბო პროგრამის მე-15 გამოშვების საზეიმო ცერემონია გაიმართა

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“  წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის სამეთაურო-საშტაბო პროგრამის მე-15 გამოშვების საზეიმო ცერემონია გაიმართა. აღნიშნული პროგრამა მიმდინარე სასწავლო წელს სამოცმა მსმენელმა დაასრულა.

კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს და პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცეს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ და სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მეთაურმა, პოლკოვნიკმა მალხაზ კალმახელიძემ. სიტყვით გამოსვლისას, გრიგოლ გიორგაძემ აღნიშნა, რომ კოლეჯმა წლების განმავლობაში მაღალი დონის სასწავლო პროგრამების განხორციელებით მნიშნველოვანი წვლილი შეიტანა თავდაცვის ძალების გაძლიერებასა და განვითარებაში.

მოგვიანებით, კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის მინისტრის, ასევე თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები და თავდაცვის უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

პროგრამის მონაწილეებმა სასწავლო წლის განმავლობაში სამხედრო ოპერაციების პრინციპები, ლიდერობა და მენეჯმენტი, გაერთიანებული და ერთობლივი ოპერაციების დაგეგმვა, ომის თეორია და სამხედრო ხელოვნების ისტორია, ასევე თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების ძირითადი ასპექტები შეისწავლეს. არსებული სასწავლო პროგრამა მსმენელებს საშუალებას აძლევს მიიღონ თანამედროვე სამხედრო განათლება, რათა განავითარონ სამეთაურო-საშტაბო უნარ-ჩვევები ტაქტიკურ და ოპერატიულ დონეებზე.