თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი იწყება - შესაძლოა გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდეს

გიორგი ბაჩიაშვილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი იწყება. საქმეს სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია განიხილავს. არ არის გამორიცხული დღეს გადაწყვეტილება გამოცხადდეს.

"თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი პირველმა ინსტანციამ დამნაშავედ ცნო დიდი ოდენობით თანხის მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მას 11 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

გამოძიების ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი 9 000-მდე ბიტკოინი მიითვისა, რომლის ღირებულებაც იმ პერიოდში 43 მილიონამდე დოლარს შეადგენდა. ადვოკატი დაკავებულის უდანაშაულობაზე საუბრობს.

„დასკვნითი სიტყვები იქნება ნათქვამი და გიორგი ბაჩიაშვილი ისარგებლებს დასკვნითი სიტყვით. გიორგი შეეხება იმ საკითხებს, რომლებიც ამ სისხლის სამართლის უკან არსებულ ნამდვილ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოტივებს, იმას, რომ ამ საქმის უკან არ არსებობს სამართლებრივი მდგენელი და თუ წინა პროცესზე ჰქონდათ შესაძლებლობა მოსმენის, მან სრულად ამომწურავად მისცა ყველა იმ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით განმარტება სასამართლოს, რომლის შესაძლებლობაც მას პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვის დროს არ მიეცა მას იმის გამო, რომ სასამართლომ უარი თქვა დისტანციურად მის გამოკითხვაზე, ამიტომ, დღეს ეს სხდომა და მისი სიტყვა კონკრეტულად იქნება დაკავშირებული ფაქტებთან“, - აცხადებს გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი დავით ჯანდიერი.

პროკურორის განცხადებით კი პროცესებზე ბრალდებული საქმის სამართლებრივ ნაწილზე არგუმენტებს ვერ ასახელებს და მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს.

"რაც არ უნდა გასაკვირი იყოს თავისი ჩვენებებიდან ციტირებაზე და ამ ჩვენებების გამოყენებაზე გიორგი ბაჩიაშვილმა უარი განაცხადა სააპელაციო სასამართლოში. მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი საკითხი, რასაც სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს არის ეს. მეორე, რაც არის მნიშვნელოვანი, ის, რომ თავისი პოზიციის გასამართლებლად როგორც აღმოჩნდა, გამოძიების ფარგლებში კალკულაციის ამსახველი დოკუმენტაცია წარმოადგინა, ამ დოკუმენტის გამოყენებაზეც უარი განაცხადა და იმ შინაარსზეც, რაც ამ კალკულაციას უკავშირდებოდა ასევე უარი განაცხადა და უარყო.

რაც შეეხება ჩანაწერს, განვმეორდები, ავთენტურობა რომ გვერდზე გადავდო, მისი საწინააღმდეგო არის. აქაც, წინა პროცესზე როდესაც დაიკითხა მსჯავრდადებული პრაქტიკულად უარყო ის შინაარსი, რასაც მისი პოზიცია ეფუძნებოდა როგორც პირველი ინსტანციის დროს, ასევე გამოძიების ფარგლებში. რთულ პოზიციაში არის ჩემი აზრით დაცვის მხარე, შესაბამისად მოცემულობა სწორედ ასეთი არის, რაც გვაქვს და მოლოდინიც როგორც აღმოჩნდა, არის ის, რომ დარჩება ძალაში პირველი ინსტანციის განაჩენი“, - აცხადებს პროკურორი მიხეილ სადრაძე.