სასამართლომ გიორგი კაპანაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს, გიორგი კაპანაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურა კაპანაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, რადგან პროკურორების თქმით, არსებობს მტკიცებულებათა განადგურების, მოწმეებზე ზეწოლის და მიმალვის საფრთხე.

პროკურატურამ ასევე მიმართა სასამართლოს შუამდომლობით გიორგი კაპანაძე გადაყენებული იქნას თანამდებობიდან საქმის დასრულებამდე. მოსამართლემ ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

დაცვის მხარე არ დაეთანხმა ბრალდების პოზიციას და 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს. კაპანაძე წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

გამოძიება გიორგი კაპანაძეს დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. გამოძიების მტკიცებით, გიორგი კაპანაძემ უცხო ქვეყნის მოქალაქეს მიწის ნაკვეთების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებიდან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სტატუსზე გადაყვანას შეჰპირდა, რის სანაცვლოდ, ქრთამის სახით 400 000 აშშ დოლარის გადაცემა მოითხოვა, საიდანაც ნაწილი 80 000 აშშ დოლარი 5 სექტემბერს აიღო. დაკავებულს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაზე ედება, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სუს-მა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე 5 სექტემბერს დააკავა.