რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ავლაბარში მომხდარ მკვლელობაზე

პოლიცია

გუშინ თბილისში, ავლაბარში მკვლელობა მოხდა. პოლიციამ დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა. 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული ზ.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
 დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 29 ივნისს, ბრალდებულმა თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით - 1986 წელს დაბადებული გ.ბ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი გ.ბ. მიყენებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
 
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ზ.მ. მომხდარიდან მალევე დააკავეს.
 
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს“.

თვითმხილველების ინფორმაციით, ერთ-ერთი ვერსიით ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები, ლუდის მაღაზიაში,  ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. შემდეგ კი 62 წლის მამაკაცმა, 39 წლის მამაკაცს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა.