ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1750146090
ინსომნია, ანუ უძილობა, ბევრი ადამიანის ცხოვრებასა თუ ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს. მასთან საბრძოლველად სხვადასხვა ხერხს მიმართავენ, მაგრამ მეცნიერებმა აღმოაჩინეს ერთი მარტივი და ეფექტიანი მეთოდი, რომელიც ძილის ხარისხის გაუმჯობესებაში დაგეხმარება.
გამოცემა Sleep Health-ში გამოქვეყნებული ახალი ნაშრომი ნათლად აჩვენებს, რომ ყოველდღიურად ბოსტნეულისა და ხილის საკმარისი რაოდენობით მიღება ძილის ხარისხს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. კვლევა კოლუმბიისა და ჩიკაგოს უნივერსიტეტებში მომუშავე სპეციალისტებმა ჩაატარეს.
დარღვეული ძილი, ე.წ. ძილის ფრაგმენტაცია, არაერთ სერიოზულ დაავადებასთანაა დაკავშირებული, მათ შორის: გულ-სისხლძარღვთა პრობლემებთან, დიაბეტთან, მეხსიერებისა და ტვინის ფუნქციონირების მოშლასთან. მეცნიერების თქმით, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომელსაც ასეთ შედეგებამდე მივყავართ, შესაძლოა, არაჯანსაღი კვება იყოს - კერძოდ, რაციონი, რომელშიც ხილი და ბოსტნეული მწირია.
კვლევაში მონაწილეობა 34-მა ჯანმრთელმა ახალგაზრდამ მიიღო, რომელთა საშუალო ასაკი 28 წელი იყო. არცერთ მათგანს მანამდე ძილის პრობლემა არ აღენიშნებოდა. ცდის პირები 201 დღის განმავლობაში მიღებულ საკვებს სპეციალურ აპლიკაციაში ყოველდღიურად აღრიცხავდნენ, ხოლო ძილის პროცესს მეცნიერები ხელზე მორგებული მოწყობილობის საშუალებით აკვირდებოდნენ.
მონაცემების ანალიზის შემდეგ მეცნიერებმა საინტერესო კავშირი დაადგინეს: იმ დღეებში, როცა მონაწილეები დღის განმავლობაში დაახლოებით 5 ულუფა ხილსა და ბოსტნეულს იღებდნენ, ძილის ხარისხი საშუალოდ 16%-ით უმჯობესდებოდა. ეს იმ დღეებთან შედარებით, როცა ამ პროდუქტებს მცირე რაოდენობით ჭამდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების მიერ ხილისა და ბოსტნეულის დღიური რეკომენდაცია სწორედ 5 ულუფაა (მაგალითად, ხილიდან ეს შეიძლება იყოს 2 ქლიავი, 2 მანდარინი, 2 კივი, 3 გარგარი, 7 მარწყვი, 14 ბალი და 6 ლიჩი).
განსაკუთრებით საგულისხმოა ის, რომ გაუმჯობესებული ძილი იმავე ღამით შეიმჩნეოდა, ანუ ეფექტი თითქმის მყისიერია. ამის მიზეზი, შესაძლოა, ამინომჟავა ტრიპტოფანი იყოს, რომელიც ორგანიზმში ძილის ჰორმონად წოდებული მელატონინის გამომუშავებას უწყობს ხელს.
ხილი და ბოსტნეული ისეთ ნახშირწყლებს შეიცავს, რომლებიც ტრიპტოფანის ათვისებას აჩქარებს და, შესაბამისად, ტვინს მელატონინის წარმოქმნაში ეხმარება. რა თქმა უნდა, დღესდღეობით მელატონინის სინთეზური პრეპარატები ნებისმიერ აფთიაქში იყიდება, მაგრამ მეცნიერები აღნიშნავენ, რომ უკეთესი და ბუნებრივი გზა სწორედ სათანადო საკვების მიღებაა.
შეიძლება, 5 ულუფა ბოსტნეული და ხილი ბევრი მოგვეჩვენოს. ამის მიუხედავად, სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ აუცილებელი არაა, ზუსტად ეს რაოდენობა მივიღოთ, რადგან რაციონში მათი მცირე მატებაც კი ძილზე დადებითად აისახება.