„მინდა, ვთხოვო დედაქალაქის მოსახლეობას...“ - კახა კალაძე მიმართვას ავრცელებს

კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, დასამუხტი მოწყობილობებით სპეციალურად აღჭურვილი პარკირების ადგილები მხოლოდ შესაბამისი მიზნით გამოიყენონ.

როგორც მან დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, გახშირდა შემთხვევები, როდესაც საპარკინგე ადგილებს, რომლებიც ელექტრომობილების დასამუხტად არის განკუთვნილი, აღნიშნული საჭიროების არმქონე ავტომობილების მძღოლები იყენებენ, რაც კანონდარღვევაა და შესაბამისი რეაგირება მოყვება.

"გარემოზე, მათ შორის, ჰაერის სისუფთავეზე ზრუნვა, ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და ამ მიზნის მისაღწევად მუნიციპალიტეტმა არაერთი ნაბიჯი გადადგა, თუმცა გამოწვევები ჯერ კიდევ გვრჩება. თბილისის მერიამ დედაქალაქის მასშტაბით მოაწყო ელექტროდამტენები - დასამუხტი მოწყობილობებით სპეციალურად აღჭურვილი პარკირების 100-მდე ადგილი, რომელიც განკუთვნილია ელექტროძრავიანი ავტომობილებისთვის. აღნიშნული ადგილები წარმოადგენს მნიშვნელოვან სერვისს ელექტროტრანსპორტის მფლობელთათვის და მათი მიზნობრივი გამოყენება აუცილებელია ამ ინიციატივის წარმატებით განხორციელებისთვის, თუმცა, მიუხედავად პერმანენტული მონიტორინგისა და დაჯარიმებებისა, ხშირია შემთხვევები, როდესაც აღნიშნულ პარკირების ადგილებს, რომლებიც ასევე შესაბამისად მონიშნულია, იკავებენ ავტომობილები, რომლებიც ბენზინზე ან დიზელზე მუშაობენ, რაც დარღვევაა და პრობლემას წარმოადგენს", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დარღვევას მოჰყვება რეაგირება კანონის ფარგლებში და შესაბამისი სამსახური ავტომობილებს საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანს.

"მინდა, ვთხოვო დედაქალაქის მოსახლეობას, გამოვიჩინოთ პასუხისმგებლობა, პატივი ვცეთ ერთმანეთის უფლებებს და ერთად ვიზრუნოთ იმაზე, რომ თბილისი კიდევ უფრო სუფთა, ცოცხალი და ეკომეგობრული ქალაქი გახდეს. თქვენი მხარდაჭერა და ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ხელი შევუწყოთ ერთმანეთს. ჩვენ ასეთ შემთხვევებზე ვიმოქმედებთ, გვექნება ძალიან პრინციპული დამოკიდებულება", - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ხელისუფლება ახალისებს ელექტრომობილების შემოყვანას ქვეყანაში. კერძოდ, აღნიშნული პოლიტიკის ფარგლებში, ელექტრომობილების განბაჟება, საპარკინგე ადგილები და დამუხტვა უფასოა.