ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1750146090
ქუთაისელი ფოტოგრაფი დანტესი, იგივე დავით ოქროპილაშვილი, ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი და საყვარელი ადამიანი მის მიერ გაკეთებული კეთილი საქმეების გამო გახდა.
სოციალურ ქსელში დადებულ დანტესის ვიდეოებს ათასობით ნახვა და ასევე, უამრავი კომენტარი აქვს. მას სიკეთის დესპანს უწოდებენ და როგორც თავად ამბობს, ეცდება, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაუხალისოს ცხოვრება.
ჟურნალ „თბილისელებთან“ დანტესი ოჯახსა და დედის შესახებ ჰყვება, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა მის ოჯახს იმ ადამიანების მიმართ, ვისაც დახმარება სჭირდებოდა.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
– სოციალურ ქსელში უამრავი ვიდეო დევს, სადაც უცნობ ადამიანებს, ვისაც დახმარება სჭირდება, უანგაროდ, მთელი გულით ეხმარები. ალბათ, არ მიწყენ, თუ ვიტყვი, რომ საზოგადოებამ არა როგორც პროფესიონალი ფოტოგრაფი, არამედ, უანგაროდ სიკეთის გამკეთებელ ადამიანად გაგიცნო და შეგიყვარა.
– ფაქტია, ასეა. სხვათა შორის, ოჯახის დიდი დამსახურებაა, რომ ასეთ ადამიანად ჩამოვყალიბდი. არ დამავიწყდება, 90-იან წლებში, საშინელი პერიოდი რომ იყო და ყველას უჭირდა, დედა და მამა სულ მუშაობდნენ და დედა რომ სახლში ბრუნდებოდა, თუ დაინახავდა, ვიღაც მოწყენილი ქუჩაში პროდუქტს ყიდდა, უნდოდა თუ არა, ყიდულობდა. სახლში შეიძლება, დამჭკნარი მწვანილი მოეტანა, მაგრამ ამბობდა, ის ადამიანი ხომ გავახარეო. ასეთ გარემოში გავიზარდე და სხვანაირად ვერც მე მოვიქცევი, როცა ვინმეს დახმარება უნდა და მე ეს შემიძლია. სიკეთის კეთების ნიჭი გენეტიკურად კი არ დამყვა, სიკეთის კეთების ნიჭი ყველა ადამიანს აქვს, უბრალოდ, შეიძლება ცხოვრებისეული წესიდან გამომდინარე ვერ იცლის და რაღაც დოზით მიძინებულია სიკეთის კეთების სურვილი, თუმცა, ადრე თუ გვიან, ყველა ადამიანში იღვიძებს. ეს ჩემი აზრია.
– თუ გახსოვს, სულ პირველად ვის დაეხმარე, რომლის ვიდეოც სოციალურ ქსელში დადე და რა გამოხმაურება მოჰყვა?
– პირველი ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში დავდე და რა გამოხმაურებაც მოყვა არასოდეს დამავიწყდება. ერთი ბაბუა აღმოვაჩინე ქუჩაში, ფოტოების გადაღება ვთხოვე და შემდეგ სახლში გაგაცილებ-მეთქი – შევთავაზე. მინდოდა, ჩემს ქალაქზე, ქუთაისზე საინტერესო ამბები მოეყოლა, მის ახალგაზრდობაში რომელი ქუჩები იყო გამორჩეული, ახალგაზრდებზე და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, ის ბაბუ ცოცხალი აღარ არის, მაგრამ არასოდეს დამავიწყდება მისი გამომეტყველება და სიტყვები, რომლითაც დამარიგა: არც ცოლი მყავს და არც შვილები, ბაბუ, ცოლი მოიყვანე და გამრავლდი, მე ცხოვრებამ და სიმარტოვემ დამტანჯა, ყველა ტაფა დავწვი, მავიწყდება ცეცხლზე რომ ვდგამ, დაიმახსოვრე ჩემი ნათქვამი და ცოლი მოიყვანეო. ვეცადე, მხიარული სიუჟეტი ყოფილიყო, მაგრამ სევდიანი გამოვიდა.
დავდე სოციალურ ქსელში და უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, მწერდნენ: ქვაბები ვუყიდოთო. დამიკავშირდნენ და მივუტანე ბაბუს ხალხისგან გადმოცემული ქვაბები და გადმორიცხული ფულით ნაყიდი პროდუქტი. აქედან გამიჩნდა სურვილი, გაჭირვებული ადამიანები მომეძებნა, გადამეღო ვიდეოები, დამედო სოციალურ ქსელში და საზოგადოების დახმარებით, მათი ყოფა მცირედით მაინც შემემსუბუქებინა. ნამდვილად არ მეგონა, ნიკო ბაბუს ვიდეოს თუ ასეთი გამოხმაურება ექნებოდა. მთელი კვირის განმავლობაში, ათას ასი ლარი აგროვდა. ეს ასი ათას ლარს უდრიდა, ისეთი მოტივაცია და ენთუზიაზმი გაჩნდა. ნიკო ბაბუს შემდეგ უამრავ ადამიანს დავეხმარეთ, მაგრამ ნიკო ბაბუ არასდროს დამავიწყდება, სულ გამორჩეულად მახსოვს. ისე მესაუბრებოდა, არც კი ჰქონდა გააზრებული და გაფიქრებული, ამას იმიტომ ვიტყვი, დამეხმარონო. უბრალოდ, დამარიგა: მოიყვანე, შვილო, ცოლი, ჩემსავით „კასრულები“ რომ არ დაგეწვასო. 29 წლის ვარ და ნიკო ბაბუს შეგონება სულ მახსოვს, თუმცა, ვერ ავასრულე, პირადისთვის ჯერ არ მცალია (იცინის). აუცილებლად მოვიყვან ცოლს, მაგრამ ჯერ არ შემხვედრია ისეთი გოგო, ოჯახის შექმნაზე დავფიქრებულიყავი. მოკლედ, ნიკო ბაბუ იყო პირველი და ახლა, როცა ვინმეს დახმარება სჭირდება და ვიდეოს ვდებ, უამრავი ადამიანი მეხმაურება“,- ამბობს დანტესი.