საქართველოს 21- წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა

21 წლამდელები

ევრო 2025-ის ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ მატჩში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ტრენჩინში პორტუგალიას დაუპირისპირდა, 0:4 დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა.

რამაზ სვანაძემ ტრავმირებული საბა საზონოვი „დინამო თბილისის“ მცველით, ირაკლი იაკობიძით შეცვალა, ხოლო ნახევარდაცვაში ლუკა გაგნიძის ნაცვლად ოთარ მამაგეიშვილი ათამაშა. ტრენჩინის სტადიონზე მრავლად იყვნენ ქართველი ქომაგები, რომლებიც გუნდს აქტიურად ამხნევებდნენ.

მე-5 წუთზე მთავარმა არბიტრმა ლაშა ოდიშარია პორტუგალიელ მცველთან უხეშობისთვის  მოედნიდან გააძევა. 10 ფეხბურთელით დარჩენამ საქართველოს ნაკრების თამაშზე გავლენა მოახდინა. პორტიუგალიელები უტევდნენ, ქართველი ფეხბურთელები კი თავს დიდი ძალებით იცავდნენ.

მე-13 წუთზე პირველი რეალური საგოლე მომენტი კონტრშეტევაზე ირაკლი აზაროვმა შექმნა – პორტუგალიელების მეკარემ საიმედოდ ითამაშა და გუნდი გადაარჩინა. 24-ე წუთზე როდრიგო პინეიროს დარტყმის შემდეგ მეკარე ლუკა ხარატიშვილმა ბურთი ვერ შეიმაგრა და პორტუგალიამ ანგარიში გახსნა.

მეორე ტაიმში პორტუგალიელებმა კიდევ სამი გოლი გაიტანეს და საბოლოოდ, შეხვედრა მათი გამარჯვებით დასრულდა.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა ერთი მოგებით დაასრულა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რამაზ სვანაძის გუნდმა მაქსიმალურ შედეგს მიაღწია, ამ ნაკრებიდან კი რამდენიმე მოთამაშის ეროვნულ გუნდში დაწინაურება გამორიცხული არ უნდა იყოს  – დასრულებულმა ტურნირმა ეს გამოაჩინა.

1TVSPORT