წარმოუდგენელია, ადამიანები იბრძოდნენ მერობისთვის და იდეა ჰქონდეთ ის, რომ მუნიციპალიტეტის მუშაობა შეაჩერონ - კახა კალაძე

კახა კალაძე

ირაკლი კუპრაძის გეგმას, რომლის თანახმადაც, გამარჯვების შემთხვევაში, მუნიციპალური ორგანოს გაფიცვასა და რუსთაველზე ყოველ საღამოს სანქცირებულ საპროტესტო აქციებს აანონსებს, გამოხმაურებები მოჰყვა. თბილისის მერი, მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან", კახა კალაძე ამბობს, რომ წარმოუდგენელია, ადამიანები იბრძოდნენ მერობისთვის და იდეა ჰქონდეთ ის, რომ მუნიციპალიტეტის მუშაობა შეაჩერონ.

კახა კალაძის თქმით, ამ ადამიანებს არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ საზოგადოებაში და 4 ოქტომბერს ყველას შესაბამის პასუხს გასცემს ამომრჩეველი.

"წარმოუდგენელია, ადამიანები იბრძოდნენ მერობისთვის და იდეა ჰქონდეთ ის, რომ მუნიციპალიტეტის მუშაობა შეაჩერონ. უნდა გააჩეროს ქუჩების რეაბილიტაცია, უნდა გააჩეროს გამზირების რეაბილიტაცია, უნდა შეაჩეროს იმ გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდაჭერა, რომელსაც მუნიციპალიტეტი სხვადასხვა პროგრამით ახორციელებს, უნდათ შეაჩერონ ბაღების მშენებლობა, უნდათ შეაჩერონ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. წარმოუდგენელია, როდესაც ამ ტიპის განცხადებებს ვისმენთ. შემთხვევითი არ არის ის, რომ ამ ადამიანებს არანაირი რეიტინგი არ აქვთ, ამ ადამიანებს არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ საზოგადოებაში და 4 ოქტომბერს ყველას შესაბამის პასუხს გასცემს ამომრჩეველი," - აცხადებს კახა კალაძე.

ცნობისთვის, ირაკლი კუპრაძე, გამარჯვების შემთხვევაში, მუნიციპალური ორგანოს გაფიცვას და რუსთაველზე ყოველ საღამოს სანქცირებულ საპროტესტო აქციებს აანონსებს. გეგმის ნაწილზე მერობის კანდიდატმა თავად ისაუბრა, ნაწილზე კი ალეკო ელისაშვილმა. ელისაშვილის თქმით, თუკი ირაკლი კუპრაძე 4 ოქტომბრის არჩევნებში გაიმარჯვებს, დაიწყებს გაფიცვების ორგანიზებას.