თენგიზ შარმანაშვილი: თუ ელჩმა ერთი განცხადება გააკეთა, ან ქმედება ჩაიდინა და შემდეგ შეწყვიტა, ე.ი. მას თავისი ქვეყნიდან მიუთითეს, მაგრამ თუ ხანგრძლივად აკეთებს, მიუხედავად ადგილსამყოფელი ქვეყნის მითითებისა, თვითშემოქმედება აღარ არის

თენგიზ შარმანაშვილი

თუ თქვენ დაინახეთ, რომ რომელიმე ელჩმა ერთი განცხადება გააკეთა, ან რაღაც ერთი ქმედება ჩაიდინა და შემდეგ შეწყვიტა, ე.ი. მას თავის ქვეყნიდან მიუთითეს, მაგრამ თუ ის ერთსა და იმავეს ხანგრძლივად აკეთებს, მიუხედავად ადგილსამყოფელი ქვეყნის მითითებისა, რომ ეს ვენის კონვენციის დარღვევაა, მაშინ ჩათვალეთ, რომ ეს თვითშემოქმედება აღარ არის, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა.

მისივე თქმით, ეს ძალიან მარტივი ტესტია.

„საკუთარ მაგალითზეც ვიცი და კოლეგებთანაც მქონდა ურთიერთობა, ზოგადად, ვიცნობ სხვა ქვეყნების საელჩოების მუშაობასაც. საელჩოდან ინფორმაცია მხოლოდ ელჩისგან არ მიდის თავის დედაქალაქში. იქ არის უამრავი სხვა უწყება, რომელიც იმავე საკითხზე აგზავნის ინფორმაციას და საკუთარ ანალიზს, რომლის შესახებაც ელჩმა არ იცის. ანუ, ერთი და იმავე საკითხზე სხვადასხვა წყაროებიდან მიდის დედაქალაქში ინფორმაცია. თუ ეს ერთჯერადი შემთხვევაა, შეიძლება თეორიულად მოხდეს, რომ რომელიმე ელჩმა რაღაც პირადი ინიციატივა გამოიჩინოს, რაც ეწინააღმდეგება მისი ქვეყნის პოლიტიკას, მას ამაზე მიუთითებენ და ის ამას აღარ გაიმეორებს. მაგრამ, მთავარი წესი და მაჩვენებელი იმისა, რომ ეს არ არის თვითშემოქმედება, არის ის, როდესაც შენ ამას ხანგრძლივად აკეთებ, ამაზე არავინ მიგითითებს შენი ქვეყნიდან და ამას აგრძელებ.

წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველივე შენი მოქმედების შემდეგ ამას შეგაწყვეტინებდა შენივე ქვეყანა და შენივე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ამიტომ, ტესტი მარტივია. თუ თქვენ დაინახეთ, რომ რომელიმე ელჩმა ერთი განცხადება გააკეთა, ან რაღაც ერთი ქმედება ჩაიდინა და შემდეგ შეწყვიტა, აღარ გააგრძელა, ე.ი. მას თავის ქვეყნიდან მიუთითეს, მაგრამ თუ ის ერთსა და იმავეს ხანგრძლივად აკეთებს, მიუხედავად ადგილსამყოფელი ქვეყნის მითითებისა, რომ ეს ვენის კონვენციის დარღვევაა და ის მაინც თავისუფლად აგრძელებს ასეთ საქმიანობას, მაშინ ჩათვალეთ, რომ ეს თვითშემოქმედება აღარ არის. ეს ძალიან მარტივი ტესტია“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.