1747422287
შეუძლებელია, „ნაცები“ ხელისუფლებაში მოვიდნენ, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა უნდათ, მაგრამ ამ ქვეყანაში ნაცმაიდანის მოწყობის საშუალება არ ექნებათ - არჩილ გორდულაძე

თავადაც კარგად იციან, თუ რა არის მათი მხარდაჭერა და რამდენი ხმა მიიღეს. ხელისუფლებაში რომ ვერ მოვიდნენ და საკუთარი შედეგი არ მოეწონათ, ამიტომ გადაწყვიტეს ქართველი ხალხის არჩევანის ანულირება, რაც არ გამოუვიდათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
გორდულაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც: „ანი წითლიძე ამბობს, რომ არჩევნებში ზუსტად ის ციფრი და პროცენტები მიიღეს, რაც ცესკო-ს მონაცემებშია ასახული“.
„არჩევნები არაერთხელ ცნო „ლელომ“, რადგან დაფინანსებას იღებენ და ცესკო-ში წევრი ჰყავთ. მათი განცხადებები ფარსია, რომ ამომრჩეველს დააჯერონ, ისინი იბრძვიან. რისთვის იბრძვიან? – ქვეყნის საწინააღმდეგოდ. ცდილობენ, რომ ინსტიტუციები ჩამოაქციონ. ეს მათი პატრონებისგან მიღებული დავალებებია. თავადაც კარგად იციან, როგორია მათი მხარდაჭერა და ის, რომ საზოგადოება მხარს არ უჭერთ. შეუძლებელია, „ნაცები“ ხელისუფლებაში მოვიდნენ. ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა უნდათ, მაგრამ ამ ქვეყანაში ნაცმაიდანის მოწყობის საშუალება არ ექნებათ“,-განაცხადა გორდულაძემ.