საქართველოსთვის, რომლის 20 პროცენტი ოკუპირებულია, განსაკუთრებით პრიორიტეტულია მშვიდობის შენარჩუნება და რეგიონში სტაბილური გარემოს უზრუნველყოფა - ანრი ოხანაშვილი

ანრი ოხანაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ანრი ოხანაშვილი დეპუტატებს 2024 წლის საქმიანობის ანგარიშს აცნობს.

ანრი ოხანაშვილმა ყურადღება გაამახვილა 2024 წელს ქვეყნის წინაშე არსებულ ძირითად საფრთხეებსა და გამოწვევებზე.

როგორც ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, უსაფრთხოების სამსახურს საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში უწევს ეროვნული უსაფრთხოების ამოცანების შესრულება.

„საქართველოსთვის, რომლის 20 პროცენტი ოკუპირებულია, განსაკუთრებით პრიორიტეტულია მშვიდობის შენარჩუნება და რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. ამ საკითხში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეფექტიან უწყებათშორის კოორდინაციას და უსაფრთხოების სფეროში მეზობელ სახელმწიფოებთან მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობას. აქვე აღვნიშნავ, რომ ვითარების დეესკალაციასა და კონფლიქტის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტას შეიარაღებულ დაპირისპირებაში მონაწილე მხარეებისთვის ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენ ირგვლივ მიმდინარე პროცესები კიდევ ერთხელ წარმოაჩენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როლს და მის მნიშვნელობას საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვის საკითხებში“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.