„საუკუნის ქორწილის“ მოლოდინში - რატომ აპროტესტებენ ჯეფ ბეზოსის ქორწილს ვენეციაში

ბეზოსი და სანჩესი

Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი და მისი საცოლე, ლაურა სანჩესი, ექსრავაგანტული ქორწილისთვის ემზადებიან.

როგორც ცნობილია, "საუკუნის ქორწილი" ვენეციაში ჩატარდება და 3 დღეს გაგრძელდება, თუმცა ადგილობრივები ამ ფაქტით არც ისე აღფრთოვანებულები არიან.

ქორწილი კუნძულ სან ჯორჯო მაჯორეს მახლობლად გაიმართება და მასში ისეთ სახეებს ვიხილავთ, როგორებიც არიან - ოპრა უინფრი, მიკ ჯაგერი, ივანკა ტრამპი, ლეონარდო დიკაპრიო და სხვები. ქორწილში ასევე შევხვდებით კეტი პერის, რომელთან ერთადაც სანჩესი ჯერ კიდევ აპრილში - კოსმოსში გაფრინდა.

წყვილმა ქორწილის დანარჩენი დეტალები საიდუმლოდ დატოვა, თუმცა, სავარაუდოდ, იგი 24 ივნისიდან 27 ივნისამდე გაიმართება.

რატომ აპროტესტებენ ქორწილს ადგილობრივები?

დემონსტრანტები ქორწილთან დაკავშირებით მრავალი შეშფოთება გამოთქვეს, მათ შორის აღნიშნეს ლოგისტიკური დარღვევები, გარემოზე იახტებისა და კერძო თვითმფრინავების უეცარი შემოდინებით მიყენებული ზიანი.

მათი თქმით, ქორწილის მასპინძლობა ხაზს უსვამს იმას, რომ ვენეცია უპირატესობას ანიჭებს არა ადგილობრივების კეთილდღეობას, არამედ - ტურიზმს.

„ბეზოსი მთელ ქალაქს საქორწილო დარბაზად აღიქვამს, თითქოს იქ მოქალაქეები არ ცხოვრობენ", - განუცხადა Sky News-ს დემონსტრანტმა ალის ბაზოლიმ.

რეგიონის გუბერნატორის, ლუკა ზაიას თქმით, ქორწილის ჩატარება ვენეციას, სავარაუდოდ, 23-34 მილიონი დოლარის სარგებელს მოუტანს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადგილობრივ ეკონომიკას აუცილებელ ბიძგს მისცემს, მოქალაქეები წუხან, რომ ამ თანხის სარგებელს ისინი პირადად ვერ იხილავენ:

„დიახ, ეს ქორწილი შემოსავალს მოიტანს, მაგრამ ჩვენ ვერანაირ სარგებელს ვერ ვიხილავთ". 

პროტესტი ასევე მოიცავს უფრო ფართო საკითხებს - ადგილობრივებისთვის ხელმიუწვდომელ საცხოვრებლებს, ვენეციის ისტორიულ ცენტრში მოსახლეობის შემცირებასა და ტურისტების მოზღვავებულ რაოდენობას.