საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი ეწვია

ალექსანდრ ვუჩიჩი

სერბეთის პრეზიდენტი საქართველოში მეუღლესთან და სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა. მას შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დახვდა.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ეს ვიზიტი ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გამყარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის არის.

„ოფიციალური ვიზიტით გვსტუმრობს სერბეთის პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად. ვიზიტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გამყარებისთვის. ეს არის ასევე ისტორიული ვიზიტი, რადგან პირველი პრეცედენტია, როდესაც საქართველოს სერბეთის პრეზიდენტი სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში იქნება უმნიშვნელოვანესი ორმხრივი შეხვედრები. ვიზიტის მნიშვნელობა კიდევ უფრო იკვეთება იმ პროცესში, როდესაც საქართველოს აქვს მიმდინარე ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები სერბეთთან, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ქვეყნებს შორის გაფორმდეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. ეს იქნება პრეცედენტული გადაწყვეტილება, რომ ასეთ მოკლე დროში ორი სახელმწიფო გააფორმებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, გაზრდის საქართველოდან ექსპორტს, რაც მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.