სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიება სახელწოდებით „ახალგაზრდები მშვიდობისთვის“ გაიმართა

თეა ახვლედიანი

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული მაღალი დონის ღონისძიება სახელწოდებით „ახალგაზრდები მშვიდობისთვის“ გაიმართა.
 
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს და დამსწრე საზოგადოებას მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
 
„დღეს, ჩვენ ტრადიციულად, ახალგაზრდებთან ერთად აღვნიშნავთ მშვიდობის საერთაშორისო დღეს, რითიც ვეხმიანებით გაეროს წლევანდელ მთავარ გზავნილს - „იმოქმედე მშვიდობისთვის“. განსაკუთრებით დღევანდელ დღეს არის ყველაზე აქტუალური იმის ხაზგასმა, რომ მშვიდობა მოქმედებაა და უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომლის დამყარებას, დაცვას და განმტკიცებასაც განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდება. მშვიდობის მშენებლობის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის და წახალისების მიზნით დაარსებული ინიციატივის ფარგლებში, ჩვენ წელსაც, გამოვავლინეთ „მშვიდობის ჯილდოს“ გამარჯვებულები, რომელთაც კიდევ ერთხელ მსურს მივულოცო და ვუსურვო წარმატებები. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ახალგაზრდა თაობისთვის, საოკუპაციო ხაზების ორივე მხარეს, თანაბრად მნიშვნელოვანია ომისგან და ოკუპაციისგან თავისუფალი, უკეთესი მომავლის პერსპექტივის შექმნა და სწორედ ეს ახალგაზრდების შემართება და სულისკვეთება არის ის ძალა, რომლითაც ისინი აუცილებლად შეძლებენ განსაკუთრებული წვლილი შეიტანონ ჩვენი ხალხის გაერთიანების და ქვეყნის გამთლიანების საქმეში,“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
 
შეკრებილ საზოგადოებას და ახალგაზრდებს აღნიშნული ღონისძიებისთვის სპეციალურად ჩაწერილი ვიდეოთი დისტანციურად მიმართა გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ მშვიდობის მშენებლობის მხარდაჭერის საკითხებში, ელიზაბეტ სპეჰარმა. სიტყვით ასევე გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ღვთისიაშვილი და გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში დიდიე ტღებიუკი.
 
ღონისძიების ფარგლებში, თეა ახვლედიანმა სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ დაწესებული ყოველწლიური კონკურსის „მშვიდობის ჯილდოს ახალგაზრდებისთვის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა. ნომინაციაში „საუკეთესო სამშვიდობო საქმიანობა“ დაჯილდოვდა მშვიდობის მშენებლობის პროცესში ჩართული ახალგაზრდები ლიკა ჩიმჩიური და მარიამ ბრეგვაძე, ხოლო ნომინაციაში „საუკეთესო სამშვიდობო იდეა“ - ორი გამარჯვებული გამოვლინდა: თამთა ნაბორაშვილი და მურთაზ მატარაძე, და ლელა ყურაშვილი. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს გადაეცა სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ დაარსებული პრემია 3000 ლარის ოდენობით. ამასთან, ევროპის საბჭოს მხარდაჭერითა და უშუალო ჩართულობით, გამარჯვებული ახალგაზრდები ქალაქ სტრასბურგში მონაწილეობას მიიღებენ დემოკრატიის მსოფლიო ფორუმში.

მშვიდობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის, სახელმწიფო, სამთავრობო უწყებებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები და ახალგაზრდები. „მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“ დაწესებულია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ 2021 წელს და ყოველწლიურად გადაეცემა ახალგაზრდას ან ახალგაზრდების ჯგუფს, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რომლებსაც საქართველოს მთავრობის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით, საკუთარი საქმიანობითა და აქტივობით განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ მშვიდობის მშენებლობის და ომით გაყოფილ საზოგადოების წევრებს შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის, ასევე კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვის პროცესში.