„მაგარ რაღაცას გასწავლით“ - „ფეხის გაკვანძვის“ მიზეზს გიორგი ღოღობერიძე განმარტავს
1758576068
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის და მოყვანის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და „მარიხუანას“ უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა, – ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა საცხოვრებელი სახლის ეზოში, უკანონოდ დათესა და მოიყვანა 22100 გრ. ნარკოტიკული საშუალება მცენარე „კანაფი“. ხოლო მეორე ბრალდებული ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საცხოვრებელ სახლში 33.18 გრ. ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ „მარიხუანას“ და მისი დაფასოებისთვის საჭირო მოწყობილობებს ინახავდა.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.
ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო მეორეს 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 260-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და მარიხუანას უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ“, – ნათქვამია განცხადებაში.