1781607543
მარიამ ქვრივიშვილი: სერბეთის პრეზიდენტის ვიზიტი დიდ სტიმულს მისცემს ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული, ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებასა და გაძლიერებას
„საქართველოსა და სერბეთს შორის უკვე არსებობს ძალიან მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა. პრეზიდენტ ვუჩიჩის ვიზიტი საქართველოში პრეცედენტულია, როგორც საპრეზიდენტო რანგის პირველი ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში და ეს ძალიან დიდ სტიმულს მისცემს ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული, ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებასა და გაძლიერებას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა სერბეთის სახელმწიფო დელეგაციის ვიზიტის შეფასებისას.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში სერბეთის რესპუბლიკის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრ იაგოდა ლაზარევიჩთან გამართული ორმხრივი შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებსა და მათი გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
ორი ქვეყნის ეკონომიკური უწყებების ხელმძღვანელებმა განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების, ტურიზმისა და ტრანსპორტის სექტორში თანამშრომლობის საკითხები, ასევე აღინიშნა საქართველო-სერბეთის ეკონომიკურ კავშირებში არსებული პოზიტიური დინამიკა.
„ორმხრივი შეხვედრისას საუბარი შედგა არაერთი მნიშვნელოვანი და საკვანძო საკითხის გარშემო, რაც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი იქნება ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების თვალსაზრისით არსებული პოტენციალის სრულად ასათვისებლად“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.












