1754385975
მამუკა ხაზარაძის მიერ გერმანიის ელჩისთვის სახლის მიქირავების საკითხი პოლიტიკურ სპექტრში კვლავ განხილვის თემაა

მამუკა ხაზარაძის მიერ გერმანიის ელჩისთვის სახლის მიქირავების საკითხი კვლავ განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ საქმე მკაფიო პასუხებს მოითხოვს. მათივე განცხადებით, პროცესი ნათლად აჩვენებს ოპოზიციონერი ლიდერის დამოკიდებულებებს იურიდიული საკითხების მიმართ.
გერმანიის ელჩსა და ხაზარაძეს შორის ეს ფინანსური ურთიერთობა ბნელით არის მოცული. თანხას იღებდა, ამ თანხიდან არ იხდიდა გადასახადს მაშინ, როდესაც არცერთი დღე, არცერთი საათი ბანკი არ აპატიებს რაიმე გადაუხდელობას მომხმარებელს ბანკის მოგების ხარჯზე. მან ეს კარგად იცის, ასე რომ ეს ბნელი ურთიერთობები - პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტით გასარკვევია და უფრო მკაფიო პასუხებს მოითხოვს, - მიიჩნევს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად შალამბერიძე კი იმაზე მსჯელობს, თუ რა პრინციპებით იხელმძღვანელებდა ხაზარაძე ხელისუფლებაში მოსვლის პირობებში.
„ადამიანი, რომელსაც აქვს და ჰქონდა ამბიცია, რომ უნდა მოსულიყო უმრავლესობით პარლამენტში, როგორი პრინციპით უდგება აი ასეთ იურიდიულ ურთიერთობებს? ამ ადამიანების პრინციპები და მიდგომები, როდესაც მათ ხელში არ უჭირავთ ქვეყნის მართვის სადავეები, ახლავე ასეთია და ხომ წარმოგიდგენიათ როგორი შეიძლება იყოს, თუ მათ რაღაც მინიმალურ სადავეებს მაინც ჩავუგდებთ ხელთ“, - აცხადებს შალამბერიძე.