ჩინეთში ახალი ვირუსის პანდემია გავრცელდა - მიღებულია COVID-19 პანდემიის დროს მოქმედი ზომები
1754473678
ანტიკორუფციული ბიურო "ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციას ამოწმებს - ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ მონიტორინგის პროცესში განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს ის, თუ რა მიზეზით არ აისახა დეკლარაციაში შეთანხმება, რომელიც მამუკა ხაზარაძის ოჯახის წევრმა გერმანიის ელჩთან გააფორმა. პარალელურად, მოკვლევა მიმდინარეობს შემოსავლების სამსახურში, სადაც ითქვა, რომ გამოვლინდა შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა.
საუბარია ძველ თბილისში მდებარე სახლზე, რომელიც პოლიტიკოსის ოჯახს გაქირავებული აქვს გერმანიის ელჩზე - მხარეებს შორის ხელშეკრულება 2022 წლიდან არსებობს, თუმცა ირკვევა, რომ აქამდე ეს გარიგება არც რეესტრში იყო ასახული და არც დეკლარაციაში - თემა თითქმის ერთი კვირაა პოლიტიკური შეფასებების საგანიც არის.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ხაზარაძის ოჯახის საკუთრების თემის ირგვლივ არსებობს კითხვები და საზოგადოებას მათზე პასუხები აინტერესებს.
"ერთი მხრივ, არის კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები, რომ მათმა ლიდერებმა, დიდი ალბათობით, დამალეს გადასახადები და მეორე მხრივ - ჩვენ გვესმის ბრტყელ-ბრტყელი პოლიტიკური განცხადებები. ამის ნაცვლად, ჩვენ ვისურვებდით, ყველა ჩვენგანი, რომ კონკრეტული მტკიცებულებებით და დასაბუთებით გასცენ პასუხი, რატომ არ იხდიდა გადასახადებს, მალავდა თუ არა ამ გადასახადებს, თუ რაში იყო საქმე - საზოგადოებას აქვს ეს კითხვები და ამ კითხვებს სჭირდება პასუხები. ამის ნაცვლად, ჩვენ ვისმენთ ისევ ერთი და იგივე ბრტყელ ფრაზებს, რომ ეს "ლელოს" წინააღმდეგ პოლიტიკური სვლებია და მათთან დაპირისპირება. არაფერ შუაშია "ლელო" იქნება თუ ნებისმიერი სხვა პარტია, წინასაარჩევნოდ, განსაკუთრებით, ვიცით ჩვენც და საზოგადოებამაც, რომ დაფინანსების საკითხი არის გამორჩეული ინტერესის საგანი“, - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.