ლევან მაჭავარიანი გახარიას პარტიაზე: პირველი 12 წევრი დარჩება მანდატის გარეშე, მომდევნო 12-ს კი უფლება ექნება, ისარგებლოს მანდატით, ვინაიდან სია ჩახსნილი არაა - არც მათი შემოსვლა შეგვმატებს რამეს და არც უარი იქნება დანაკლისი

ლევან მაჭავარიანი

გიორგი გახარიას პარტიის 12 წევრი, სავარაუდოდ, მანდატების გარეშე დარჩება.

რიგგარეშე სესიაზე კანონმდებლებმა ყოფილი პრემიერის პარტიის წევრებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. მიზეზი სესიის ნახევარზე მეტის არასაპატიო მიზეზით გაცდენაა.

არჩევნებზე სხვა ბარიერგადალახული პარტიებისგან განსხვავებით, გახარიას პარტიას საპარლამენტო სია არ ჩაუხსნია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ უმრავლესობა გახარიას პარტიის 12 წევრს უფლებამოსილებას შეუწყვეტს, მანდატებს სიაში არსებული მომდევნო 12 პირი მიიღებს.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, პირველი 12 წევრისთვის მანდატის შეჩერების შემდეგ, საარჩევნო სიაში მყოფ მომდევნო 12 პირს ექნება შესაძლებლობა, ისარგებლონ მანდატებით.

"მათ არ მიიღეს საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობა. ამ საკითხთან დაკავშირებით იმსჯელა საპროცედურო კომიტეტმა და ეს საკითხი დღის წესრიგში დგას. პირველი 12 წევრი დარჩება მანდატის გარეშე. რაც შეეხება შემდეგ 12 წევრს, მათ, რა თქმა უნდა, უფლება ექნებათ, ისარგებლონ ამ მანდატებით, ვინაიდან სია არ არის ჩახსნილი, თუმცა შევხედოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

ჩვენ არც არაფერს შეგვმატებს, თუ ისინი შემოვლენ პარლამენტში და არც არაფერი არ დააკლდება პარლამენტს, თუ ისინი პარლამენტის მუშაობაში არ მიიღებენ მონაწილეობას", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.