1751482605
2024 წელს საქართველოში გარდაცვალების მიზეზებს შორის სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები და სიმსივნეები ჭარბობდა - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში 43 971 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 1 215 ერთეულით, ანუ 2.8%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე.
საქსტატის ცნობით, გარდაცვალების მიზეზებს შორის ჭარბობს სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები და სიმსივნეები, რომლებზეც მოდის გარდაცვლილთა შესაბამისად, 41.3 პროცენტი და 13.0 პროცენტი.
ამასთან, უწყების ანგარიშით, გარდაცვლილთა რაოდენობის პროცენტული განაწილება გარდაცვალების მიზეზების ძირითადი კლასების მიხედვით განსხვავებულია სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის. 5 წლამდე ასაკის გარდაცვლილ ბავშვებში დომინირებს პერინატალურ პერიოდში აღმოცენებული დარღვევები. 5-39 წლის ასაკში ჭარბობს ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების სხვადასხვა შედეგები, რადგან აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისათვის შედარებით მაღალია უბედური შემთხვევების ალბათობა, ხოლო 40 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობაში გარდაცვალების მიზეზებს შორის 2024 წელს დომინირებს სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები და სიმსივნეები.