ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების „არალეგიტიმურად“ მოხსენიება დემოკრატიული ინსტიტუტების უარყოფაა, რისი მიზანიც ექსტრემიზმისთვის იდეოლოგიური ბაზის შექმნაა - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების „არალეგიტიმურად“ მოხსენიება, დეზინფორმაციასთან ერთად, დემოკრატიული ინსტიტუტების უარყოფაა, დემოკრატიის არაღიარების მიზანი კი, ექსტრემიზმისთვის იდეოლოგიური ბაზის შექმნაა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც შალვა პაპუაშვილი აცხადებს, საგანგაშოა, რომ ევროკავშირის და შვედეთის საელჩოები არ რეაგირებენ მათი მოქალაქეების ფულით ექსტრემიზმის წახალისებაზე.

„ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების „არალეგიტიმურად“ მოხსენიება, დეზინფორმაციასთან ერთად, დემოკრატიული ინსტიტუტების უარყოფაა. დემოკრატიის არაღიარების მიზანი კი, ექსტრემიზმისთვის იდეოლოგიური ბაზის შექმნაა. ესტონეთში რეგისტრირებულ „ენჯეოეს“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ყველაზე დიდი დაფინანსება ევროკომისიისგან და შვედეთის ბიუჯეტიდან აქვს. საგანგაშოა, რომ ევროკავშირის და შვედეთის საელჩოები არ რეაგირებენ მათი მოქალაქეების ფულით ექსტრემიზმის წახალისებაზე. პასუხისმგებლიანი დონორობა არა არჩევანი, არამედ საერთაშორისო-სამართლებრივი ვალდებულებაა, რომელიც „დახმარების ეფექტიანობის შესახებ“ პარიზის დეკლარაციით არის გამყარებული. მისი დარღვევა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევაა.

P.S. სპეკულაციის გამოსარიცხად აქვე ვიტყვი, რომ ეს არა „ცუდად საუბარი“ ან „თავდასხმა“, არამედ „ლეგიტიმური კრიტიკაა“, რომელსაც პასუხი სჭირდება“, – დაწერა შალვა პაპაუშვილმა.